ისრაელი-პალესტინა

თელ ავივში პალესტინის მოქალაქე ფეხით მოსიარულეებს მანქანით დაეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი

Reuters

ისრაელის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, თელ ავივში პალესტინის მოქალაქე ფეხით მოსიარულე ადამიანებს დაეჯახა და შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 3 მძიმე მდგომარებაშია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

სასწრაფო დახმარების სამსახურის სპიკერმა თქვა, რომ დაშავებულთაგან ზოგიერთს დანით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

პოლიციის ინფორმაციითვე, სამოქალაქო პირმა თავდამსხმელს, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან იყო, სასიკვდილოდ ესროლა.

ხალედ ალ-ბატშმა, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამური ჯიჰადის მოძრაობის მაღალჩინოსანია, აღნიშნულს გამოეხმაურა და თქვა რომ ეს "წინააღმდეგობის თავდაპირველი და ბუნებრივი პასუხია იმის მიმართ, რაც ხდება ჯენინში". 

ისრაელის ძალებმა ჯენინში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს ისრაელის ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ჯენინში ბოლო 20 წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ იერიში ჯენინის ბანაკის სამეთაურო-ოპერატიულ ცენტრსა და ისლამურ ჯიჰადთან დაკავშირებულ პალესტინელი ბოევიკების დაჯგუფებაზე მიიტანეს. 

"ოპერატიული სამეთაურო პუნქტი ასევე ემსახურებოდა დაზვერვის ცენტრს - ადგილს, სადაც შეიარაღებული ტერორისტები ტერორისტულ ქმედებებამდე და მის შემდეგ იკრიბებოდნენ". - განმარტავენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. 

მათივე თქმით, ჯენინის ბანაკი "იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების ადგილი" და "ტერორისტებს შორის კოორდინაციისა და კომუნიკაციის კერაა". 

ჯენინის ბანაკზე თავდასხმის შემდეგ ისრაელის ძალებმა მეჩეთის მახლობლად იერიში მიიტანეს. ისრაელის მხარეს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ იერიშის მიზანი "საფრთხის არიდება" იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამი არაა, მოჰყვა თუ არა მეჩეთის მახლობლად თავდასხმას დამატებითი მსხვერპლი.

ოპერაციას ღამით საპროტესტო აქციები მოჰყვა დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ქალაქ რამალას მახლობლად საგუშაგოზე. პროტესტის დროს პალესტინის მოქალაქე არმიის მიერ თავში სროლის შედეგად დაიღუპა. ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ბლოკადირებული ღაზის სექტორიდან პოტენციური საპასუხო სარაკეტო იერიშის გამო მზადყოფნაში მოიყვანეს.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებით, პრემიერს აღნიშნული მოვლენების შესახებ ინფორმაციას მიეწოდა, რის შემდეგაც მან "სამომავლო ოპერატიული გეგმები განიხილა".

ჯენინის ბანაკი ჩრდილოეთ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქის გარეუბანში 1950-იან წლებში შეიქმნა. ბანაკში დაახლოებით 11 000 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, ისლამური ჯიჰადის, ფატაჰის მებრძოლები.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ისრაელმა ჯენინის ბანაკზე 2002 წელს იერიში მეორე ინტიფიდას (პალესტინასა და ისრაელს შორის 2000-2005 წლებში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები) დროს მიიტანეს. შეტაკებებმა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, 50-ზე მეტი პალესტინელი და 23 ისრაელის სამხედრო იმსხვერპლა.

კომენტარები