ისრაელი-პალესტინა

ისრაელის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 6 პალესტინელი დაიღუპა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალების თავდასხმების შედეგად, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორის ტერიტორიაზე ჯამში, სულ მცირე, 6 პალესტინელი დაიღუპა, 30-ზე მეტი დამიანი კი დაშავებულია.

სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა 19 სექტემბერს, გვიან ღამით დარტყმები ქალაქ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე მიიტანეს, რასაც 4 პალესტინელი ემსხვერპლა. 20 სექტემბერს კიდევ ერთი პალესტინელი ქალაქ ჯერიჩოში მდებარე ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმას ემსხვერპლა. მეექვსე პალესტინელი კი ღაზას სექტორში, ქალაქ ხან იუნისში ღაზა-ისრაელის გამყოფ ღობესთან მიმდინარე დემონსტრაციების დროს მოკლეს.

სამინისტროსვე ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა შორის სამი სამხედრო პირი იყო.

ისრაელის სამხედრო ძალები კი აცხადებენ, რომ ქალაქ ჯერიჩოსთან მდებარე ლტოლვილთა ბანაკში რეიდის დროს ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელს, რომელიც მათ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ესროდა. ჯენინის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ისრაელი დეტალებს არ აქვეყნებს და აცხადებს, რომ თავდასხმა დრონებით განხორციელდა. ღაზას სექტორში მომხდარ მკვლელობას კი ისრაელის სამხედრო ძალები არ ადასტურებენ.

კომენტარები