გენერალური პროკურატურა

პროკურატურის თანამშრომლის სახელით ადამიანებს თანხა გამოსძალეს, დაკავებულია ორი პირი – POG

გენერალურმა პროკურატურამ  საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

"კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ, რის სანაცვლოდაც, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ბრალდებულები, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 22 ივლისს, მოსამართლის განჩინებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები