საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ვოლსკი: დეგნანმა გააკეთოს განცხადება, რატომ მოხვდა მათი თანამშრომლის გვარი FARA-ს დოკუმენტში

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის თქმით, აშშ-ს ელჩმა ხელი უნდა გაიშვიროს არა საქართველოს მთავრობის ხელისუფლებისკენ, არამედ მათივე იუსტიციის დეპარტამენტისკენ და განმარტოს, თუ რატომ მოხვდა FARA-ს დოკუმენტებში საელჩოს თანამშრომლის სახელი. 

მისი თქმით, სამი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ისაა, რომ ვიღაც შესაძლოა სკანდალური თემით საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის შებღალვას ცდილობდეს. 

"სულ შეიძლება იყოს სამი ვარიანტი, რომელიც განიხილება. პირველი ვარიანტი, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს საელჩო და, ვფიქრობ,  სწორი პოლიტიკური დამოკიდებულებაა, რომ ეს არ მომხდარა. მეორე ვარიანტია, რომ ეს ადამიანი (საელჩოს თანამშრომელო) მოხსენიებული იყო თაღლითური მიზნებით ანუ ლობისტებმა ამაზე ფული გააკეთეს, როგორც ბინძურად იტყვიან და მოიხსენიეს ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არანანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობასთან და არსებობს მესამე, უფრო სერიოზული, კონსპირაციული ვარიანტი, რომ ვიღაც დაინტერესებულია საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები შეიბღალოს ამ საკმაოდ სკანდალური თემით.

[...] დეგნანმა უნდა გააკეთოს განცხადება და ხელი გაიშვიროს არა საქართველოს მთავრობისკენ, არამედ იუსტიციის დეპარტამენტისკენ, თუ რატომ მოხვდა ეს გვარი ამ დოკუმენტში და დაახასიათოს ან ერთი, ან მეორე ან მესამე ვერსია".- ამბობს ვოლსკი ჟურნალისტებთან  საუბრისას. 

24 ივლისს სამთავრობო მედია იმედმა, ქართული ოცნების სპიკერებმა და წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

აღნიშნულს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცნობები იმაზე, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".  

26 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელიც გამოეხმაურა მიმდინარე სიტუაციას და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს როგორც სამთავრობო მედიების, ისე ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი, პატელმა აღნიშნა, რომ იგი რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში". - თქვა პატელმა. 

 

კომენტარები