საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

ზარქუა FARA-ს დოკუმენტზე: აშშ-ს საელჩოს ვურჩევ ხელისუფლებაზე საუბრისას ტონი შეარჩიოს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ თუკი ვინმეს რაიმე შეკითხვები აქვს "თეთრ სახლს ან FARA-ს ადმინისტრაციას უნდა მიმართონ". 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, საელჩომ ხელისუფლებაზე საუბრისას ტონი უნდა შეარჩიოს. 

"FARA-ს დოკუმენტში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში. თუ რამე კითხვები აქვს საელჩოს ან ვინმეს, უნდა მიმართონ თავიანთ კოლეგებს თეთრ სახლში თუ FARA-ს ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?!

შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი".- ამბობს ზარქუა. 

24 ივლისს სამთავრობო მედია იმედმა, ქართული ოცნების სპიკერებმა და წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

აღნიშნულს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცნობები იმაზე, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".  

26 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელიც გამოეხმაურა მიმდინარე სიტუაციას და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს როგორც სამთავრობო მედიების, ისე ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი, პატელმა აღნიშნა, რომ იგი რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში". - თქვა პატელმა. 

კომენტარები