საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

კალაძე FARA-ს დოკუმენტზე: ჩვენ რა შუაში ვართ – გარკვევით წერია საელჩოს თანამშრომლის სახელი

ქართული ოცნება

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ FARA-ს კანონის საფუძველზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნება აქ არაფერ შუაშია.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში საელჩოს თანამშრომლის ჩართულობა იკვეთება.

"შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტში ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას. ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტშია ასახული. თქვენც ნახავდით, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელს, მით უმეტეს, სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც ჩანაწერში იყო მითითებული, ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებისთვის.

რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ჩვენ რა შუაში ვართ? როდესაც ლობისტური კომპანია კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ვალდებულია, ის ოფიციალურ დოკუმენტში ასახოს, რომელიც გამოქვეყნებული იყო. ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქ გარკვევით წერია ადამიანის სახელი და გვარი, რომელიც საელჩოს თანამშრომელია".- თქვა კალაძემ.

24 ივლისს სამთავრობო მედია იმედმა, ქართული ოცნების სპიკერებმა და წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

აღნიშნულს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცნობები იმაზე, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".  

26 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელიც გამოეხმაურა მიმდინარე სიტუაციას და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს როგორც სამთავრობო მედიების, ისე ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი, პატელმა აღნიშნა, რომ იგი რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში". - თქვა პატელმა. 

კომენტარები