სტიქია რაჭაში

იაპონიის საელჩო: ვუსამძიმრებთ ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

იაპონიის საელჩო საქართველოში რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.   

"იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყერის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ რჩება სტიქიის ზონაში ან ითვლება დაკარგულად, სწრაფად და უვნებლად დაბრუნდება სახლში.

გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების, პოლიციისა და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული.

ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხაზს უსვამს ერთიანი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და ეფექტური რეაგირებისთვის". - ვკითხულობთ იაპონიის საელჩოს განცხადებაში. 

დღეს, 5 აგვისტოს, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჯამში 15 პირი ემსხვერპლა

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი. 

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს - მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ყველა მოქალაქე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები