თალიბანი

თალიბანის მიერ ავღანელი ქალების რეპრესია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია – გორდონ ბრაუნი

GETTY IMAGES

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გორდონ ბრაუნმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ თალიბანის მიერ ავღანელი ქალების რეპრესია "კაცობრიობის წინაშე დანაშაულია". მან ოფიციალურ უწყებებს მოქმედებისაკენ მოუწოდა. 

"ისინი განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გარიყულნი არიან. ყველა ეს აკრძალვა დისკრიმინაციის  ფორმაა. ეს, ალბათ, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ადამიანთა უფლებების ყველაზე ამაზრზენი, სასტიკი, ყოვლისმომცველი დარღვევაა". - თქვა BBC-თან საუბრისას ბრაუნმა, რომელიც ამჟამად გლობალური განათლების საკითხებში გაეროს დესპანია. 

მან თალიბანის სისტემა "გენდერული აპარტეიდის" ფორმად მოიხსენია და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოუწოდა, დასაჯოს პირები, რომლებიც ადამიანთა უფლებებს უხეშად ხელყოფენ. ბრაუნი ვარაუდობს, რომ  სასამართლოს ზეწოლამ შესაძლოა, თალიბანი აიძულოს, რომ ქცევა შეცვალოს. 

ყოფილმა პრემიერმინისტრმა აღშფოთება გამოთქვა იმის შესახებ, რომ "რეჟიმზე ამდენად მცირე საერთაშორისო ზეწოლაა“. ერთმხრივ, მან გაერთიანებული სამეფოს თალიბანის მმართველობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისაკენ და მეორე მხრივ, სხვა მუსლიმანური ქვეყნების ლიდერებსა და სასულიერო პირებს ჩარევისაკენ მოუწოდა.


თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადეს, რომ ისინი მათი პირველი მმართველობის დროს არსებულ მკაცრ კანონებს აღარ დააწესებდნენ, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა ამოქმედდა, განსაკუთრებით კი ქალებზე.

ავღანეთში ქალებს მე-6 კლასის შემდეგ სკოლაში სიარული, მთავრობაში და კერძო სექტორში მუშაობა, პარკებში სეირნობა და სპორტული დარბაზების გამოყენება ეკრძალებათ. ამასთან, თალიბები მოითხოვენ, რომ ქალებმა გარეთ ყოფნისას სახე დაიფარონ. აპრილში ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბების ბრძანებით ავღანელ ქალებს გაეროში მუშაობა აეკრძალათ. ივნისში კი მათ ქვეყანაში სილამაზის სალონების აკრძალვის ბრძანება გასცეს. 

"თალიბანი ქალებს ადამიანებად კი არ თვლის, არამედ ისე უყურებს როგორც საქონელს, რომელსაც უნდა ფლობდეს და ჩაგრავდეს". - ამბობს ჯამილა აფგანი, ავღანელი ქალთა უფლებების აქტივისტი, რომელიც ავღანეთიდან გაიქცა და ახლა თურქეთში ცხოვრობს.

კომენტარები