თალიბანი

თალიბანი ავღანეთში მსხვილმასშტაბიან სამეთვალყურეო ქსელს ქმნის – Reuters

თალიბი მებრძოლი კანდაჰარში პატრულირებს, 2021 წლის აგვისტო

Reuters-ის ცნობით, თალიბანი ავღანეთის ქალაქებში სამეთვალყურეო კამერების მსხვილმასშტაბიან ქსელს აყალიბებს. ამაზე თალიბანის ე.წ. შინაგან სამინისტროს სპიკერმა Reuters-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

ახალ გეგმასთან და შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით თალიბანის ადმინისტრაციამ ჩინურ კომპანია, ჰუავეისთან შეხვედრა გამართა, თუმცა მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. 

გარდა ამისა, თალიბანის წარმომადგენელმა Reuters-ს უთხრა, რომ ისინი გეგმის განსახორციელებლად აშშ-ს და თურქეთის მიერ წინა მთავრობისთვის შედგენილ რუკებს გამოიყენებენ. უცნობია, რა გზით მოიპოვა ეს გეგმები თალიბანის ადმინისტრაციამ. 

აშშ-ს სახელწიფო დეპარტმანეტის სპიკერმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ თალიბანთან პარტნიორობას არ აპირებს და ტერორიზმთან ბრძოლა თავის საზღვრებზე მხოლოდ თალიბანის პასუხისმგებლობაა, ხოლო თურქეთის წარმომადგენელმა Reuters-ს კომენტარის გაკეთების თხოვნაზე პასუხი არ დაუბრუნა.

თალიბანის ადმინისტრაციის მტკიცებით, სამეთვალყურეო კამერების ქსელი ტერორიზმთან ბრძოლასა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას მოხმარდება, თუცმა არსებობს ეჭვი, რომ სამეთვალყურეო სისტემას უმცირესობათა უფლებების და ოპოზიციის შესაზღუდად გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების სრული უმრავლესობა თალიბანის მმართველობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. თალიბანმა ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში ჩაიგდო ხელში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საგარეო სამხედრო ძალებმა რეგიონი დატოვეს. 

მიუხედავად ამისა, თალიბანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებას ცდილობს. 13 სექტემბერს ჩინეთმა ავღანეთში ახალი ელჩი, ჯაო სინი, დანიშნა. როგორც თალიბანის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, ჯაო სინი თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უცხო ქვეყნის მიერ ავღანეთში დანიშნული პირველი ელჩია. 

ამასთან, ირანისა და თალიბანის დაზვერვის სამსახურებმა გააძლიერეს თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლის მიმართულებით. 

"ირანი და თალიბანი ტერორიზმის წინააღმდეგ კარგად მუშაობენ" - თქვა ირანის დაზვერვის მინისტრმა, ესმაილ ხატიბმა. 

 

კომენტარები