თალიბანი

ჩინეთმა თალიბანის მართულ ავღანეთში ახალი ელჩი დანიშნა

ავღანეთში ჩინეთის ახალი ელჩის შეხვედრა თალიბანის მთავრობასთან
Taliban Prime Minister Media Office via AP

13 სექტემბერს ჩინეთმა ავღანეთში ახალი ელჩი, ჯაო სინი,დანიშნა. როგორც თალიბანის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, ჯაო სინი თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უცხო ქვეყნის მიერ ავღანეთში დანიშნული პირველი ელჩია. 

ჩინეთის წინა ელჩი ავღანეთში, ვან იუ, თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა და ვადა აგვისტოში ამოეწურა.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, საპრეზიდენტო რეზიდენციაში ჩატარებულ ცერემონიაზე ჩინეთის ელჩს უმასპინძლეს ავღანეთის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის მოქმედმა პრემიერ მინისტრმა, მოჰამედ ჰასან ახუნდმა და მოქმედმა საგარეო მინისტრმა, ამირ ხან მუთაყიმ.

საერთაშორისო საზოგადოების სრული უმრავლესობა თალიბანის მმართველობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. თალიბანმა ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში ჩაიგდო ხელში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საგარეო სამხედრო ძალებმა რეგიონი დატოვეს. 

ამგვარად, ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნები და ინსტიტუციები ავღანეთში ელჩების დანიშვნას თავს არიდებენ. ევროკავშირმა და პაკისტანმა ქვეყანაში დიპლომატიური მისიების გასაძღოლად მაღალი რანგის დიპლომატთა მოვალეობის შემსრულებლები გაგზავნეს, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობისათვის რწმუნების სიგელის წარდგენა არ ევალებათ. 

აღსანიშნია, რომ, ტექნიკურად, ქაბულში არიან სხვა ელჩებიც, თუმცა ყველა მათგანმა თანამდებობა თალიბანის მმართველობაში მოსვლამდე დაიკავა. 

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, რომ პეკინმა ახალი ელჩის დანიშვნას "სტანდარტული როტაცია" უწოდა.

"ეს არის ავღანეთში ჩინეთის ელჩის სტანდარტული როტაცია და მიზნად ისახავს ჩინეთსა და ავღანეთს შორის დიალოგისა და კოოპერაციის გაღრმავებას." — განაცხადა ჩინეთის საგარეო სამინისტრომ.

ჩინეთის საგარეო სამინისტრომ გერმანიის პრესის სააგენტოსთან საუბარში თქვა, ჩინეთი ავღანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ყოველთვის ინარჩუნებდა.

"როგორც ავღანეთის ტრადიციულად მეგობრული მეზობელი, ჩინეთი ყოველთვის ინარჩუნებდა ავღანეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მასთან გაცვლა-გამოცვლასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში."- ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

კომენტარები