სტიქია რაჭაში

მღებრიშვილი: 1 კვირა საკმარისი დროა ახლობლების მოსაკითხად, დაკარგულთა რიცხვი არ გაზრდილა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ერთი კვირა გონივრული ვადაა, რომ ადამიანებმა თავიანთი ახლობლები მოიკითხონ. მღებრიშვილს ონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა სტიქიის ზონაში იმაზე მეტი დაკარგული იყოს, ვიდრე უწყებას აქვს ინფორმაცია, მაგალითად, ტურისტები.

"თეორიის დონეზე, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვერ ვიტყვი, თუმცაღა, გონივრული ვადა ერთი კვირა, მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი სულ მინიმუმ უნდა მოიკითხოს, ლოგიკურად. თუმცაღა, ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, [დაკარგულთა რიცხვი] არ გაზრდილა, თუმცა თუ ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, მოხდება პირველ რიგში ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა,“ - თქვა მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში, ამ დროისთვის 21 პირის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში 12-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები