გაფიცვა

ბრიტანეთის სარკინიგზო პროფკავშირმა RMT–მ გაფიცვები დააანონსა

RMT-ს განცხადება, რომელიც გაფიცვებს აანონსებს 
Andy Rain/EPA

ბრიტანეთის უმსხვილესი სატრანსპორტო პროფკავშირის RMT-ს წევრებმა 26 აგვისტოსა და 2 სექტემბერს დაგეგმილი გაფიცვები დააანონსეს. ისინი ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ოფიციალური განცხადების თანახმად, კავშირში გაერთიანებული 14 სარკინიგზო კომპანიის 20 000 წევრი აღნიშნულ ორ შაბათ დღეს მუშაობას შეწყვეტს. RMT-ს თქმით, მათ მიერ აქამდე გაჟღერებულ მოთხოვნებს მმართველი ორგანო Rail Delivery Group-ის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც საჭირო გახადა დამატებითი ზომების მიღება.

RMT-ს გენერალურმა მდივანმა, მიკ ლინჩმა აღნიშნა, რომ კავშირის წევრების პოზიციები მყარია. ისინი მიზანმიმართულნი არიან, ანაზღაურების, სამუშაო უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მიაღწიონ.

"მორიგი გაფიცვით RMT კიდევ ერთხელ იმ კლიენტებს იღებს მიზანში, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით, ფესტივალებით და ზაფხულის არდადეგებით დატკბნენ. ისინი მათ გეგმებს უხეშად არღვევენ". - აღნიშნა Rail Delivery Group-ის სპიკერმა.

Rail Delivery Group-ის თქმით, ის მოლაპარაკებებს მეორე მხრიდან უკმაყოფილების გამოთქმისთანავე აწარმოებს, თუმცაღა RMT შეთავაზებებს გამუდმებით უარყოფს. კომპანია იმედოვნებს, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

კომენტარები