სტიქია რაჭაში

მდინარაძე: ჯელაძემ გადასვლა იქ შეძლო, სადაც ტალახის სიმაღლე მინიმალურ საშუალებას მისცემდა

ის [დავით ჯელაძე] თავადვე ყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო მისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.

ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყრის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით. უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყრის მეორე მხარეს გადასვლა, დისშვილთან ერთად, შეძლო არა სანსეტ შოვის მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა.

ვინც შოვი იცის, საუბარია ე.წ. ვარდისფერი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი ჭარბობდა. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.

წერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდიანარაძე. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია. დავით ჯელაძემ კობახიძის სიტყვებს "შეურაცხმყოფელი" უწოდა.

კომენტარები