ფლორიდა

NHC: ფლორიდას მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი დაარტყამს, მოსალოდნელია კატასტროფული ზარალი

CNN

რამდენიმე დღეა. ფლორიდის დასავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ იდალიას მოელიან, რომელიც ამჟამინდელი დაკვირვებებით მეოთხე კატეგორიის "უკიდურესად საშიშ" ქარიშხალად კვალიფიცირდება. ინფორმაციას ქარიშხლების ეროვნული ცენტრი (NHC) ავრცელებს. 

ქარიშხალმა ზოგიერთ სანაპირო რაიონში მცირე წყალდიდობები უკვე გამოიწვია. NHC-ს ვარაუდით, მოსალოდნელია, რომ იდალია მეორე კატეგორიიდან მეოთხე კატეგორიის ქარიშხალში გადაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ ქარების სიჩქარე მინიმუმ 215 კმ/სთ-მდე გაიზრდება.

NHC-ს ვარაუდით, ქარიშხალი, დიდი ალბათობით, ბიგ-ბენდის სანაპიროს და მის ახლომდებარე კუნძულებს 30 აგვისტოს დაარტყამს.  "სიცოცხლისთვის საშიში დესტრუქციული" ქარების შედეგად, მოსალოდნელია ტერიტორიის დატბორვა. ცენტრში ასევე განმარტავენ, რომ შტორმი "კატასტროფული ზარალს" გამოიწვევს. 

"ხეების უმეტესობა გადატყდება ან ამოიძირკვება, ელექტროგადამცემი ბოძები კი ჩამოიშლება. ელექტროენერგიის გათიშვა კვირების, შესაძლოა თვეების განმავლობაშიც გაგრძელდეს".- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. 

ტეილორის ოლქის შერიფის ოფისი სანაპიროზე მცხოვრებთ  საცხოვრებელი ადგილის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ისტორიული წყალდიდობის მომსწრენი ვიქნებით. არსებობს სიკვდილისა და კატასტროფული განადგურების დიდი პოტენციალი". - ამბობენ ოფისში.

მათივე თქმით, შტორმის პირველი ტალღის დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ქარიშხლის გადასვლამდე ვერ შეძლებენ.

"ეს არის ქარიშხალი, რომელშიც თუ მოხვდებით, თქვენი გადარჩენა ძალიან რთული იქნება". - თქვა ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები