საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აშშ-ს ბაზაზე: სრულ სიცრუეს წარმოადგენს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მთავარი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ქართული ოცნების მიერ ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნაზე უარის თქმას შეეხებოდა. უწყებამ ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

"თავდაცვის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას შეეხება და შინაარსობრივად სრულ სიცრუეს წარმოადგენს. აღნიშნული ინფორმაცია პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ ვრცელდება, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, გადამოწმებულ ინფორმაციას დაეყრდნონ, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას". - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავარი არხის ინფორმაციით, 2021 წელს მმართველმა გუნდმა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე უარი უთხრა.

ამ ინფორმაციაზე მთავარი არხის ეთერში ჟურნალისტმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემაც ისაუბრა. ჟურნალისტის თქმით, მას ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა.

კომენტარები