ამოუცნობი მფრინავი ობიექტები

მექსიკის კონგრესში "უცხოპლანეტელების მუმიები" მიიტანეს

ეგზემპლარი, რომელიც, ხაიმე მაუსანის მტკიცებით, უცხოპლანეტელია. სან ლაზაროს საკანონმდებლო სასახლე, მეხიკო, მექსიკა, 2023 წლის 12 სექტემბერი.
REUTERS/Henry Romero

მექსიკის კონგრესში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით პირველი მოსმენა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში მიიტანეს ორი არტეფაქტიც, რომლებიც, მექსიკელი ჟურნალისტისა და უბრალოდ უცხოპლანეტური სიცოცხლით დაინტერესებული პირის, ხაიმე მაუსანის მტკიცებით, უცხოპლანეტელების ნეშტებია.

ჟურნალისტის მტკიცებებს ჰყავს ბევრი სკეპტიკოსი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ "მუმიების" უცხოპლანეტური წარმოშობის დასადასტურებლად შესაბამისი სამეცნიერო დასკვნები არ არსებობს.

მაუსანის თქმით, ეგზემპლარები დედამიწაზე არსებული სიცოცხლის არცერთ სახეობასთან არ არის დაკავშირებული. ყუთებში მოთავსებულ ორი მცირე ზომის "სხეულს" ხელზე სამი თითი და წაგრძელებული თავი აქვთ.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ისინი პერუში, უძველესი ნაზკას ხაზების მახლობლად 2017 წელს აღმოაჩინეს. მისივე მტკიცებით, მექსიკის ეროვნულ ავტონომიურ უნივერსიტეტში (UNAM) ნახშირბადის კონცენტრაციის საშუალებით დათარიღების მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის თანახმად, ეგზემპლარები დაახლოებით 1 000 წლისაა.

მექსიკის საზღვაო ძალების ჯანმრთელობის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის ხოსე დე ხესუს სალსე ბენიტეზის თქმით, ნაშთებზე კვლევები რენტგენის სხივების, 3D რეკონსტრუქციისა და დნმ-ის ტესტის საშუალებით ჩატარდა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ამ სხეულებს ადამიანებთან არანაირი საერთო არ აქვთ". - თქვა მან.

ფოტო სან ლაზაროს საკანონმდებლო სასახლეში გამართული ბრიფინგიდან, მეხიკო, მექსიკა, 2023 წლის 12 სექტემბერი
REUTERS/Henry Romero

აქამდე, მსგავსი აღმოჩენები ბავშვების მუმიფიცირებული ცხედრები აღმოჩნდა. მაუსანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტური სიცოცხლის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება აქვთ.

"ვფიქრობ, არსებობს აშკარა დემონსტრირება იმისა, რომ საქმე გვაქვს არაადამიანური წარმოშობის ნიმუშებთან, რომლებიც ჩვენს სამყაროში არსებულ არცერთ სხვა სახეობასთან დაკავშირებული არ არიან და რომ ამის გამოძიებისთვის ნებისმიერი სამეცნიერო დაწესებულებისთვის ყველა შესაძლებლობა ღიაა". - თქვა მაუსანმა და დასძინა რომ "მარტოები არ ვართ".

მექსიკის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მმართველი პარტიის კონგრესმენმა და საკანონმდებლო ორგანოში გამართული მოსმენის ორგანიზატორმა, სერხიო გუტიერესმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მსგავსი მოსმენები კიდევ გაიმართება.

"ჩვენ დაგვრჩა ფიქრები, შეშფოთებები და გზა, რომ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი". - აღნიშნა გუტიერესმა.

მოსმენის პარალელურად, მექსიკის ეროვნულმა ავტონომიურმა უნივერსიტეტმა 2017 წლის კვლევის დასკვნა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მოვალეობა მხოლოდ ეგზემპლარის ასაკის დადგენა იყო და მისი წარმომავლობის შესახებ არანაირი დასკვნის გაკეთება არ შეუძლიათ.

ამავე უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრის, ხულიეტა ფიეროს თქმით, კონგრესის მოსმენაზე წარდგენილი "კვლევების" დეტალების უმრავლესობას შინაარსი არ აქვს და აღნიშნა, რომ იმის დასადგენად, მართლა უცხოპლანეტური წარმოშობისაა თუ არა "მუმიები" რენტგენის აპარატის გამოყენება არ კმარა.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ეგზემპლარებზე დნმ ტესტი ნამდვილად ჩატარდა, კვლევის შედეგები არ გასაჯაროებულა.

2017 წელს მაუსანი პერუშიც ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელების ნეშტები იპოვა, თუმცა, მოგვიანებით, ქვეყნის პროკურატურამ დაადგინა, რომ "მუმიები" სინამდვილეში თოჯინები იყო, რომლებზეც კანის არსებობის სიმულაციისთვის ქაღალდისა და სინთეტიკური წებოს ნარევი იყო წასმული.

"ცხედრები" მაშინ საჯაროდ არ გამოუფენიათ, ამიტომ უცნობია მექსიკის კონგრესში მიტანილი ეგზემპლარები იგივე თოჯინებია თუ არა.

უკანასკნელ წლებში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მოსმენები აშშ-ს კონგრესშიც გაიმართა. ამოუცნობი საჰაერო ფენომენების (UAP - ასე მოიხსენიებენ ახლა UFO-ებს) შესახებ არსებული მასალების გასაჯაროება პენტაგონმაც დაიწო.

ამასთან, ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს იკვლევს NASA-ს დამოუკიდებელი პანელიც, რომელმაც თავისი კვლევის შედეგები დღეს, 14 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს.

კომენტარები