ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება და არ განიხილებოდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, "გიგი უგულავას რამე თანამდებობაზე დანიშვნა არ განიხილება და არ განიხილებოდა". ხაბეიშვილს კითხვა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ დაუსვეს, რომელიც "უკვე გამოცდილი მებრძოლების", მათ შორის, გიგი უგულავას რეინტეგრაციას ეხებოდა.

"გიგი უგულავამ თავად თქვა, რომ არის პარტიის რიგითი წევრი, აპირებს ამ სტატუსიდან ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. არსებობს ბორდის იდეა, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტ სააკაშვილის გარშემო გაერთიანებას, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერების, სამოქალაქო სექტორის, სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანებას კონკრეტულ ბორდში, რომელიც იქმნება მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ... მე მაქვს შეხვედრა გიგი უგულავასთანაც და აბსოლუტურად ყველასთან, ვინც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ და არ წარმოიდგინოთ" - თქვა ხაბეიშვილმა.

TV პირველმა სექტემბრის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგი უგულავას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მმართველი საბჭოს ჩამოყალიბების ინიციატივა აქვს - მისი აზრით, სწორედ "მმართველმა ბორდმა" უნდა მართოს პროცესები პარტიაში. TV პირველთან საუბარშივე მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ადასტურებს, რომ გიგი უგულავას ინიციატივა ექსპრეზიდენტს მოსწონს.

"ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ამას ექნება სამდივნოს ფორმა თუ რაიმე რაიმე სხვა სახელი ექნება" - ამბობს ჯაფარიძე TV პირველთან.

6 სექტემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გიგი უგულავას ინიციატივასთან დაკავშირებით თქვა, რომ პარტიის შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება.

"ეს არის გამორიცხული და თქვენც, დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ინფორმაცია გექნებათ და მიიღებთ თუნდაც გიგი უგულავასგან." - თქვა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა არა ენმ-ის წევრი, არამედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.

12 სექტემბერს კი, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე წერილი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, "ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების - კობა ნაყოფიას, გიორგი კირთაძის და ეკა ხერხეულიძის წინ წამოწევა. ისევე როგორც გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია. ჩვენ მიდგომებს იმაზე ვერ ავაგებთ, თუ როდის ვინმესგან რა გვეწყინა. მთავარია ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი.''

კომენტარები