პრეზიდენტის იმპიჩმენტი

წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სჭირდება მთავრობის თანხმობა ქვეყნის შიგნითაც – მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად მთავრობის თანხმობა არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებებზეც სჭირდება.

"დიახ, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება მთავრობის თანხმობა. დიახ, ქვეყნის შიგნითაც. აქამდე ქვეყნის გარეთ ის ითხოვდა, ქვეყნის შიგნით არც ითხოვდა...

დიახ, მე მიმაჩნია პირადად ეს, გუნდთან ნამდვილად არ გამივლია. მე, როგორც ერთ იურისტს. არ ვიცი, შეიძლება სხვა პოზიცია წარადგინონ ჩვენებმა საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია.

დიახ, საქართველოს პრეზიდენტს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნებისმიერ მომენტში სჭირდება მთავრობის თანხმობა. საქართველოს კონსტიტუციაში, ყოველ შემთხვევაში, ასე წერია". - თქვა მდინარაძემ.

ოცნების დეპუტატი აღნიშნავს, რომ აქამდე მთავრობა პოლარიზაციის გაღრმავების თავიდან არიდების მიზნით ამ საკითხთან დაკავშირებით ლოიალობას იჩენდა და ამიერიდან, შესაძლოა, ეს პრაქტიკაც შეიცვალოს.

დღეს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო მოსმენაზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ თუ პრეზიდენტის ყველა ქმედება 52-ე მუხლით არის მოცული, მაშინ მას ქვეყნის შიგნით გამართულ საერთაშორისო დონის შეხვედრებზეც სჭირდება მთავრობის თანხმობა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც მილოცვის წერილს აგზავნის პრეზიდენტი, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. არ არსებობს სამყაროში პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული". - თქვა ჩუგოშვილმა.


პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზეპირი მოსმენით დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1-ელ სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

კომენტარები