პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მაჭარაშვილი: დღეიდან პრეზიდენტი არის, როგორც მინიმუმ, ფრთამოტეხილი

პრაქტიკულად საქართველოს კონსტიტუციამ საქართველოს პრეზიდენტი კუთხეში მიაყენა და ღირსება აღიდგინა კონსტიტუციამ. ის, რომ პრეზიდენტი კონფლიქტში არის შესული ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან, პარლამენტთან, მთავრობასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სახალხო დამცველთან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან და ამბობს, რომ არავინ არ არის დამოუკიდებელი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა და რომ ქვეყანაში, თურმე, არ ყოფილა დემოკრატია. ამ განცხადებების ავტორი პრეზიდენტი ამბობს, რომ თურმე უცხოეთში დადის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს არის აბსურდი და ამას აღარავინ დაუჯერებს, მაგრამ საქართველოს პარლამენტში აღმოჩნდა 86 დეპუტატი, რომელმაც დაიცვა საქართველოს კონსტიტუცია.

პრაქტიკულად, დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი არის, როგორც მინიმუმ, ფრთამოტეხილი და როგორც მინიმუმ, ფორმალური პრეზიდენტი, რადგანაც მას სავიზიტო ბარათად, სამახსოვროდ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსგან კონსტიტუციის დარღვევის დოკუმენტი გადაცემული. ამიტომ, ახლა, რამდენიმე თვის განმავლობაში ის იქნება პრეზიდენტი თუ არ იქნება, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ რეალურად ამით მოხდა ის, რომ ქვეყანამ, სახელმწიფომ შეინარჩუნა სახე და კონსტიტუციამ აღიდგინა ღირსება. რაც ყველაზე მთავარია, მომავალი პრეზიდენტებისთვის იქნება მაგალითი, რომ არავინ აღარ გაბედოს აბუჩად აგდება საქართველოს კონსტიტუციისა. საქართველოს პარლამენტში, როდესაც პრეზიდენტი ბედავს და დეპუტატებს უთითებს ვინ შევიდეს და ვინ არ შევიდეს, აბუჩად იგდებს დეპუტატების კითხვებს, მათ შორის ოპოზიციონერებისაც, შედის და გამოდის დარბაზში დამცინავად, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ის არ იმსახურებს პრეზიდენტის სავარძელს. პრეზიდენტი, რომელიც არის კონფლიქტში კონსტიტუციურ ორგანოებთან და საზოგადოებასთან, რა თქმა უნდა, ყოველთვის დარჩება ფორმალურ პრეზიდენტად.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა.

კომენტარები