პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მიქანაძის აზრით, მომავალში ზურაბიშვილის სისხლის სამართლებრივი დასჯა გამორიცხული არაა

ქართული ოცნების დეპუტატი, გივი მიქანაძე არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები არსებობდეს.

"შესაძლოა, საქმე გვქონდეს განმეორებითი ხასიათის კონსტიტუციის დარღვევასთან, ამას არ გამოვრიცხავთ. რადგან, ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, თვითონაც არაერთ ღია განცხადებაში აღიარა და ამას ჩვენ გუშინაც ხაზი გავუსვით, რომ კონკრეტულ სიტუაციებში არალეგიტიმურად მოქმედებდა. გამორიცხული არაა, რომ მან ასეთი ქცევა გააგრძელოს. არ არის გამორიცხული, რომ იქ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის საფუძვლებიც არსებობდეს, თუმცა, ეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების შესწავლის საკითხია". - თქვა მიქანაძემ.

იქამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სამართლებრივად პასუხის გაცემა" გაუჭირდება, მაგრამ "სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, შეიცავდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს". მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს "ნაცმოძრაობის იმედი კვლავაც აქვს, ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება".

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას პარლამენტში, იმპიჩმენტზე კენჭისყრის დაწყებამდე უპასუხა. 

"მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მისი შთამომავალი, როგორ გგონიათ. რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ". - თქვა ზურაბიშვილმა.


პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არ შედგა. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. პრეზიდენტის გადაყენებას 100 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. ჯამში რეგისტრაცია 90-მა პარლამენტარმა გაიარა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად 16 ოქტომბერს ცნო. განსხვავებული აზრი ცხრიდან მხოლოდ სამ მოსამართლეს - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი.

სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება" - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

კომენტარები