ოთარ ფარცხალაძე

ლილუაშვილი ფარცხალაძეზე: მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, პირიქით ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს

გრიგოლ ლილუაშვილი
საქართველოს მთავრობა

სუს-ის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს არა ერთხელ მიმართეს სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე მტკიცებულებები ჯერ კიდევ ვერ მიიღეს.

“საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა, უკვე კარგა ხანია გასული. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ჩვენი ინიციატივით და თხოვნით გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა ამჟამად არანაირი დეტალები არ მიგვიღია, პირიქით ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს”. - თქვა სუს-ის ხელმძღვანელმა.

ლილუაშვილი ამბობს, რომ იგი დარწმუნებულია, თუ ქვეყნის პარტნიორებს [ამერიკას] წინასწარ ექნებოდათ ინფორმაცია ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აუცილებლად მიაწვდიდნენ.

ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მოიაზრებს.

"სისხლის სამართლის საქმის საქმის გამოძიების მე-2 დღესვე გამოიკითხა (ფარცხალაძე) და არა დაიკითხა, რადგან გამოკითხვის უფლება გვაქვს ჩვენ სამსახურს მოქმედი კანონმდებლობით”.- თქვა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში გაცემული ინფორმაცია იდენტურია საჯარო სივრცეში სანქცირებული პროკურორის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, შესაბამისად ლილუაშვილს მედიასთან საუბრისას სხვა ახალი დეტალები აღარ დაუსახელებია.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, "ქართველ-რუს ოლიგარქს", ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა

ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციები გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

  • ყველა სახის საკუთრება და საკუთრების წილი, რომელიც სანქცირებულ პირს შეერთებულ შტატებში აქვს, ან თუ მისი ეს ქონება ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე, იქნება დაბლოკილი და შეუძლებელი იქნება მისი გადაცემა, გადახდა, ექსპორტი, გამოტანა და ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქცია.
  • შეზღუდვები სანქცირებული პირის მიმართ, ან მის სასარგებლოდ, კრძალავს აშშ-დან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ თანხების, საქონლის გაღებასა და მომსახურების გაწევას. ასევე, იკრძალება ამავე პირისგან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ ფინანსების, საქონლისა და სამსახურის მიღება.
  • ქონებასა და ფინანსების მიმოქცევაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, სანქციები გულისხმობს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვასაც, რადგან დასანქცირებული პირები მოიაზრებიან აშშ-ს ინტერესების დამაზიანებელ პირებად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მსგავსი ადამიანის ქვეყანაში შესვლა აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
  • სანქციების ფარგლებში იკრძალება დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და მათთვის გვერდის ავლა.

კომენტარები