ოთარ ფარცხალაძე

ლილუაშვილი: ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, შესაძლოა რუსეთში, ან სხვა ქვეყანაში გაფრინდეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 

"მან დატოვა საქართველოს საზღვარი, საით გაფრინდა და საით გაფრინდება ეს პერსონალური ინფორმაციაა, შესაძლოა სხვა ქვეყანაში გაფრინდეს და შეიძლება რუსეთში გაფრინდეს". – ამბობს ლილუაშვილი.

ლილუაშვილმა ასევე ახსენა, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის 319-ე მუხლით არის დაწყებული, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

თუმცა, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა - მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი.

კომენტარები