თბილისის მერია ახალ საშობაო ნაძვის ხესა და აქსესუარებში 730 000 ლარს დახარჯავს - ელექტრონული ტენდერი უკვე დასრულდა და ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
ტენდერი თბილისის მერიის კომპანიამ, შ.პ.ს თბილსერვის ჯგუფმა 12 სექტემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი 16 ოქტომბერს დასრულდა.
სახელმწიფო შესყიდვის ერთადერთი მონაწილე შ.პ.ს ღამის შოუს სტუდია იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუთვალისწინებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებაც სწორედ ამ კომპანიას გაუფორმდება.
თბილისის მერიამ ნაძვის ხე 2019 წელს მილიონ ლარად შეიძინა. არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2020 წელს აღნიშნული ნაძვის ხის განახლება 104 000 ლარი დაჯდა, 2021 წელს კი დამატებით 64 000 ლარი.