საქართველოს პარლამენტი

აქუბარდია: ბატონ ბერაიას აუცილებლად მოუწევს სასამართლოში მოსვლა და თავის მართლება

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია აპირებს, რომ ქართული ოცნების წევრს, ირაკლი ბერაიას სასამართლოში უჩივლოს. ის ასევე ითხოვს, რომ ირაკლი ბერაიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

"გაჩერებას არ ვაპირებ. ქართულმა ოცნებამ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. 

მიმდინარეობს მუშაობა, ჩემი იურისტები სხედან, იგეგმება, ერთი მხრივ სახალხო დამცველისთვის მიმართვა, რათა დაადგინოს ეს ფაქტები და მეორე მხრივ, სასამართლოში აუცილებლად მოუწევს მოსვლა და თავის მართლება ბატონ ბერაიას" - ამბობს აქუბარდია.

31 ოქტომბერს, ირაკლი ბერაიამ პარლამენტში თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს". ამავე დღეს, ასევე ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ენმ-ს დეპუტატს, ანა წითლიძეს "ფარჩაკი, ბანძი ადამიანი" უწოდა.

პარლამენტში დეპუტატების მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი კომენტარები დაგმო სალომე ზურაბიშვილმაც. ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტყვები, რაც მოისმინა, მთლიანად შეურაცხყოფს საქართველოს პარლამენტს.

წითლიძისა და აქუბარდიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ "მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს".

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ "გულწრფელად ბოდიში" მოიხადა.

კომენტარები