თენგიზ კიტოვანი

თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული გვარდიის დამფუძნებელი, თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. 

თენგიზ კიტოვანი 1992-1993 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. ასევე, 1992 წელს ის საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო. მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1991 წელს კიტოვანი გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ ზვიად გამსახურდიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. მან მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში დაწყებულ სამოქალაქო ომსა და ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებაში.

1996 წელს თენგიზ კიტოვანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალა.

2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის საქართველოში 2012 წელს, ქართული ოცნების მმართველობის დროს დაბრუნდა.

კომენტარები