ევროპული საქართველო

არსებული მოდელი უნდა ჩანაცვლდეს 3 ტიპის გამოცდით – ევროპული საქართველოს რეფორმის კონცეფცია

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ეროვნული გამოცდების არსებული მოდელი ვეღარ პასუხობს განათლების სისტემის მიზნებსა და გამოწვევებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის აბიტურიენტებს. კერძოდ, ადეკვატურად ვერ ფასდება აბიტურიენტების ანალიტიკური უნარები და ხშირად ფაქტობრივ ცოდნაზეა დაფუძნებული, ასევე, უთანასწორო მდგომარეობაში არიან ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები აბიტურიენტები. ამასთან, არსებული მოდელი არ ითვალისწინებს გრანტს იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის მიღმა გეგმავენ განათლების გაგრძელებას. ამის გამო, ევროპული საქართველოს შეფასებით, არსებული საგამოცდო სისტემა საჭიროებს ძირფესვიან რეფორმირებას. გამოსავლად პარტიამ პროექტ ახალი რესპუბლიკის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული ეროვნული გამოცდების რეფორმის კონცეფცია წარადგინა.

პარტია აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდგომ ეროვნული გამოცდების შემოღებით აღმოიფხვრა კორუფცია საგამოცდო პროცესიდან და დამკვიდრდა კომპეტენციაზე დამყარებული კონკურენცია აბიტურიენტებს შორის. ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ დროსა და გამოწვევების ცვლილებასთან ერთად, სისტემას სჭირდებოდა რეფორმირება, მეტი მოქნილობა, მოსწავლეთა კომპეტენციის შეფასებისთვის განსაზღვრული საგამოცდო პროგრამების მუდმივი განახლება.

"ეროვნული გამოცდების ადმინისტრირების არსებული სისტემა, რომელიც უკვე მრავალი წელია, სტუდენტობის მსურველი მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჭიროებებზე მორგებას საჭიროებს, არაფრით გაუმჯობესებულა.

ამასთან, 2019 წელს განათლების სამინისტრომ ეროვნული გამოცდებიდან უნარების გამოცდა ამოიღო, რამაც კატასტროფულად შეამცირა გამოცდების ეფექტურობა აბიტურიენტთა კომპეტენციის შეფასების კუთხით" - წერია კონცეფციაში და გამოსავლად მითითებულია არსებული გამოცდების ჩანაცვლება მოსწავლის ანალიტიკურ უნარებზე ორიენტირებული გამოცდებით, ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე კერძო ცენტრების ჩართვა გამოცდების ადმინისტრირების პროცესში.

ევროპული საქართველოს რეფორმის კონცეფციის მიხედვით, დღეს არსებული საგამოცდო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სამი ტიპის გამოცდით.

  1. უნარების გამოცდა - შეამოწმებს აბიტურიენტის კრიტიკულ აზროვნებას და ანალიტიკურ უნარებს. უნარების გამოცდა სავალდებულო იქნება ნებისმიერ პროგრამაზე ჩაბარებისთვის;
  2. საგნობრივი/სპეციალობის გამოცდა - უნივერსიტეტები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ, რომელი საგნობრივი გამოცდით იქნება შესაძლებელი კონკრეტულ სპეციალობაზე ჩაბარება;
  3. ზოგადი განათლების გამოცდა - შეამოწმებს საშუალო განათლების საფეხურის ყველა შესაბამის დისციპლინაში მიღებულ მინიმალურ ცოდნას. ამ გამოცდის საფუძველზე შედგება სკოლების რეიტინგი;

კონცეფციის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს უნარებისა და სპეციალობის გამოცდებში მიღებული სკალირებული ქულების გათვალისწინებით. ამასთან ერთად, აუცილებელი იქნება ზოგადი განათლების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.

"გამოცდები უნდა ტარდებოდეს წელიწადში რამდენჯერმე და აბიტურიენტებს ამ გამოცდებზე გასვლა მე-9 კლასიდან უნდა შეეძლოთ. რამდენჯერმე ერთი და იგივე გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს აბიტურიენტის საუკეთესო შედეგი სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოსაპოვებლად.

გამოცდების მრავალჯერადად ჩაბარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. გამოცდების ადმინისტრირების პროცესში ჩართვა უნდა შეეძლოთ საერთაშორისო ავტორიტეტული აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს. შედეგად, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავად აარჩიონ მათთვის ხელსაყრელი ცენტრი, დრო და ადგილი" - წერია კონცეფციაში.

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი:

  1. ადეკვატურად შეამოწმებს აბიტურიენტის სააზროვნო უნარებს და ამა თუ იმ საგანში დაგროვებულ ცოდნას;
  2. სრულად უპასუხებს აბიტურიენტების საჭიროებებს და მოხსნის ყველა სისტემურ ბარიერს უმაღლესი განათლების მისაღებად;
  3. გამოცდების ჩაბარების დროითი მოქნილობა გარკვეულწილად შეამცირებს წნეხს აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის და რაც მთავარია, მისი სადამსჯელო ბუნება თვითგანვითარების წამახალისებელ მექანიზმად გარდაიქმნება.

კომენტარები