შვედეთი

შვედეთში ქალაქი მოსახლეობას მოუწოდებს, ერთმანეთს მიესალმონ

GETTY IMAGES

ჩრდილოეთ შვედეთის ქალაქი ლულეო თავის მაცხოვრებლებს მოუწოდებს, ერთმანეთს  მიესალმონ.

ლულეოში, სადაც დაახლოებით 80 000 ადამიანი ცხოვრობს, მდებარეობიდან გამომდინარე ზამთარში დღე მხოლოდ 3 საათი გრძელდება. სწორედ ამიტომ, ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დაიწყო კამპანია, რომელიც მოსახლეობაში განწყობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

"გამარჯობის თქმა ადამიანებს კომფორტს უქმნის და თავს დაცულად აგრძნობინებს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ყველას შეგვიძლია უფრო კარგი ლულეოს შესაქმნელად. თქვენმა გამარჯობამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს". - წერს ქალაქის ოფიციალური გვერდი სოციალურ მედიაში.

Säg hej-ის, შვედურად "თქვი გამარჯობის" კამპანია ქალაქში 31 ოქტომბერს დაიწყო. ამ დღეს შვედეთში ჰელოუინთან ერთად "მეზობლის დღესაც" აღნიშნავენ.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა კლიპიც, რომელსაც სკოლებში, ავტობუსებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აჩვენებენ.

კლიპში ნაჩვენებია მამაკაცი, რომელიც პარკში სკამზე მჯდომ ქალთან მიდის და გამარჯობას ეუბნება. ქალი მას პასუხს არ უბრუნებს, თუმცა მოგვიანებით იღიმის. შემდეგ იგივე ქალი ესალმება მოხუცს, რომელიც მისალმებაზე ასევე არ რეაგირებს, თუმცა შემდეგ იღიმება.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ლულეო ჩრდილოეთ შვედეთში ერთ-ერთი უდიდესია და მისი მაცხოვრებლები კომუნიკაციისას თავშეკავებულობით გამოირჩევიან. ადგილობრივები ერთმანეთთან იმდენად ცოტას ლაპარაკობენ, რომ სიტყვა "დიახ" მკვეთრი სუნთქვით შეიცვალა.

კომენტარები