ქარიშხალი

"საუკუნის შტორმი შავ ზღვაში" – უკრაინა და რუსეთი დაიტბორა, მილიონი ადამიანი უშუქოდ დარჩა

სოჭის სანაპირო
Tass

შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებს. უკრაინისა და რუსეთის სანაპიროები დაიტბორა. მილიონამდე ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა. რუსული და უკრაინული მედია სტიქიურ უბედურებას "საუკუნის შტორმად" მოიხსენიებს.

სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა ოკუპირებულ ყირიმს. ნახევარკუნძულის მარიონეტი ხელისუფლების თქმით დატბორილია ჩერნომორსკის, საკის, ბელოგორის, სიმფეროპოლის, ოქტიაბრსკის, ბახჩისარაისკის და ლენინის რაიონები, ასევე ქალაქები ევპატორია და სევასტოპოლი.

სოჭის სანაპირო

შტორმის შედეგად შეჩერდა მოძრაობა საკი-ევპატორიის ტრასაზე, ევპატორიიდან ევაკუირებულია 150 მაცხოვრებელი, ასევე ქალაქში წყალმა წაიღო საოკუპაციო ძალების მიერ სანაპიროზე გათხრილი სანგრები. რუსეთის სამაშველო სამსახურის განცხადებით ამ დროისთვის გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 11 ადამიანი, ორის მდგომარეობა მძიმეა. სევასტოპოლის აკვარიუმის დატბორვის შედეგად დაიღუპა 500-ზე მეტი წყლის ცხოველი. ქარიშხალის გამო დაზიანდა 74 ელექტროგადამცემი, შედეგად ელექტროენერგიის გარშე დარჩა ყირიმის 480 000 მოსახლეზე მეტი. 27 ნოემბერი დასვენების დღედ გამოცხადდა.

ქარიშხალმა ელექტროგადამცემები დააზიანა ოკუპირებული დონეცკის ოლქშიც. ბოლო მონაცემებით უშუქოდ დარჩენილია 525 000 აბონენტი.

ოდესა

ძლიერმა ქარმა ოდესის ოლქში გაანადგურა საქვაბე შენობა, დაზიანდა ელექტროსადენი, შედეგად ელექტროენერგია ვერ მიეწოდება 3 500 აბონენტს. ზოგ რეგიონში უამინდობის შედეგების აღმოფხვრა მაშველებს ჯავშანტექნიკის გამოყენებით მოუწიათ.

9 თვითმფრინავი ვერ დაჯდა სოჭის აეროპორტში, მფრინავებს სათადარიგო აეროპორტების გამოყენება მოუწიათ.

სამაშველო სამუშაოები ყირიმში

შტორმის გამო კასპიის მილსადენის კონსორციუმმა ნოვოროსიისკის საზღვაო ტერმინალიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა. 

შტორმის გარდა რეგიონში ასევე დიდთოვლობაა. უხვი ნალექის გამო მოსკოვის აეროპორტებში 35 რეისი გადაიდო, ხოლო 11 გაუქმდა. 

უამინდობაა ასევე მოლდოვაში. დიდთოვლობის გამო დაიხურა უკრაინა-მოლდოვის ორი სასაზღვრო პუნქტი, დაკეტილია 11 ტრასა, სამაშველო სამსახურში შესულია 180-ზე მეტი გამოძახება.

დიდთოვლობა მოლდოვაში

 

კომენტარები