კაბუ

ქალს დანის ტარი ჩაარტყა, ხელი გაარტყა და გახსნილი დანა მოუქნია – კაბუს ბრალდება წარედგინა

მომღერალსა და მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე კაბუს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. უწყება მას ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

"შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას, კ.ა.-მ მასთან ერთად მყოფ ქალს - თ.ა.-ს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, თ.ა.-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია. კახეთის გზატკეცილზე მსვლელობისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, დაზარალებულმა გაჩერებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანა შენიშნა - ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფმა თ.ა.-მ, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად მოუწოდა. პოლიციელებმა ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, ავტომანქანა გააჩერეს და დაზარალებულის მითითებით, კ.ა. ადგილზე დააკავეს.

გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ კ.ა.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები