ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, თანამგზავრით სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება დაიწყეს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ეროვნული საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ადმინისტრაციის ფხენიანის გენერალურ საკონტროლო ცენტრში სადაზვერვო თანამგზავრის მზადყოფნის შესამოწმებლად ვიზიტისას, 2023 წლის 25 ნოემბერი
KCNA via REUTERS /File Photo

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ინფორმაციით, ქვეყანამ სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრით ოპერაციების ჩატარება დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ადმინისტრაციის (NATA) ფხენიანის გენერალურ საკონტროლო ცენტრში გახსნილმა ახალმა, სატელიტური ოპერაციების ოფისმა მისიის შესრულება შაბათს, 2 დეკემბერს დაიწყო და მიღებულ ინფორმაციას არმიისა და სხვა ძირითადი დანაყოფების სადაზვერვო ბიუროებს მიაწვდის.

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, ქვეყნის პირველი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი 21 ნოემბერს ორბიტაზე წარმატებით განათავსეს. მათივე მტკიცებით სატელიტის საშუალებით მოიპოვეს თეთრი სახლის, პენტაგონის, აშშ-ს სამხედრო ბაზებისა და სამხრეთ კორეის "სამიზნე რეგიონების" ფოტოებიც.

1 დეკემბერს თავისი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-ის დახმარებით ორბიტაზე წარმატებით განათავსა სამხრეთ კორეამაც.

კომენტარები