საზოგადოებრივი მაუწყებელი

1-ელი არხის სამეურვეო საბჭოს 2 წევრი გორგილაძის გადაცემის დახურვის გამო დირექტორს მიმართავს

დავით გორგილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ლიკა ბასილაიას და ლაშა ტუღუშის თქმით, გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის დახურვასთან დაკავშირებით კითხვებით დირექტორსა და დირექტორთა საბჭოს მიმართავენ. 

"არ ვიცი რა გადაცემებია დახურული, რა მიზეზით არის დახურული, როგორი საბიუჯეტო ცვლილებები ახლავს ამ პროცესს თან და რატომ მოხდა ყველაფერი იმგვარად, რომ ერთ დღეს დაამტკიცეს ბიუჯეტი, ჩვენ არ მიგვიცია ხმა, მართალია, მაგრამ ხომ დაამტკიცა საბჭომ ბიუჯეტი და მეორე დღეს დახურეს გადაცემები.

[...] ხომ არ იყო დაკავშირებული ეს ამბავი იმასთან, რომ გადაცემის ავტორი, მაგალითად, ამ შემთხვევაში დავით გორგილაძე, თავის დროზე აპროტესტებდა რუსულ კანონს, ჩვენ ამ საქმეს ესე, რა თქმა უნდა, არ დავტოვებთ, ვაპირებთ გამოვითხოვოთ სრული ახსნა-განმარტება დირექტორებისგან" - ამბობს ბასილაია. 

სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთი წევრის, ლაშა ტუღუშის თქმით, ელოდება კონკრეტულ ახსნას, თუ რატომ უნდა გაქრეს ასეთი ტიპის გადაცემები ეთერიდან. 

"ვაპირებ შეკითხვის დასმას დირექტორის მისამართით და მე ველოდები კონკრეტულ ახსნას, თუ რა ხდება იმიტომ, რომ, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მარტო ერთ გადაცემაზე არ არის ლაპარაკი, კიდევ სხვა გადაცემებზეცაა საუბარი. საერთოდ, მგონი დირექტორმა უნდა გაგვარკვიოს რა ხდება, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რატომ უნდა გაქრეს ასეთი ტიპის გადაცემები ეთერიდან" - თქვა ლაშა ტუღუშმა. 

15 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე მომავალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა. ინფორმაცია ტაბულას გადაცემის წამყვანმა, დათო გორგილაძემ დაუდასტურა.

"მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დამისახელეს". – უთხრა ტაბულას გორგილაძემ.

კომენტარები