საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზმაუ: კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება

საქართველოს პირველი არხი სატელევიზიო გადაცემების დახურვას ეხმაურება. არხის განცხადებით, მაუწყებლის დაფინანსების წესისა და 2024 წლიდან შენობის ცვლილების შედეგად, იზრდება ორგანიზაციის კაპიტალური ხარჯები, რამაც გამოიწვია დაგეგმილი პროგრამირების შეცვლა.

"საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას". - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, არხზე არსებობს და უცვლელი დარჩება სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები, თუმცა მოცემული ფინანსური ცვლილებიდან გამომდინარე, რესტრუქტურიზაცია სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

"კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.

  • იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“
  • „დღის კოდი“
  • „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“
  • „ფერმა“
  • „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“
  • „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“
  • „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“
  • „კაცები PLAY"

"კაცების" YouTube-ი და სხვა პლატფორმები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროექტებია. განცხადებაში საუბარია "კაცები PLAY"-ზე, რომელიც პირველი არხის ონლაინ პლატფორმაზე ქვეყნდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში ატვირთული "კაცების" ბოლო ეპიზოდი ივლისში გამოვიდა. თავდაპირველად განცხადებაში ეწერა მხოლოდ "კაცები", რაც შემდეგში პირველმა არხმა შეასწორა და დაწერა "კაცები PLAY".

ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან". - წერია განცხადებაში. 


15 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე მომავალი წლიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა. ინფორმაცია ტაბულას გადაცემის წამყვანმა, დათო გორგილაძემ დაუდასტურა.

"მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დამისახელეს". – უთხრა ტაბულას გორგილაძემ.

კომენტარები