სომალი

ისლამისტმა ტერორისტებმა სომალიში გაეროს ვერტმფრენი გაიტაცეს

გაეროს ვერტმფრენი სომალიში
Feisal Omar/Reuters

ალ-კაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ-შაბაბმა, სომალიში გაეროს ვერტმფრენი გაიტაცა

როგორც სომალის ოფიციალურმა სამხედრო პირმა, მაიორ ჰასან ალიმ Reuters-თან საუბრისას თქვა, ვერტმფრენზე მყოფი პირებიდან ორი სომალის, რამდენიმე კი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. 

"ორი სომალელი კაცი და რამდენიმე უცხოელი იყო ბორტზე. მას [ვერტმფრენს] ასევე სამედიცინო მარაგები მიჰქონდა და გალგუდუდიდან დაშავებული ჯარისკაცები უნდა გადაეადგილებინა". - თქვა ალიმ. 

Reuters-ს გაეროსთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ უთხრა, რომ ვერტმფრენზე ჯამში ცხრა ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ერთმა გაეროს მუშაკმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ბორტზე უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა. 

ალ-შაბაბი სომალიში დაფუძნებული ისლამური ფუნდამენტალისტური დაჯგუფებაა, რომელიც 2006 წლიდან სომალის მთავრობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. მათი მიზანი ცენტრალური ხელისუფლების დამხობაა. 2010 წლებში მთავრობის მხრიდან გარკვეული წინსვლის მიუხედავად, ალ-შაბაბი სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში ტერიტორიებს აკონტროლებს და ტერაქტების მოწყობას განაგრძობს.

კომენტარები