ეროვნული ბიბლიოთეკა

პაპუაშვილი კეკელიძეზე: ეს არის საკადრო გადაწყვეტილება

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. პაპუაშვილის თქმით, ეს საკადრო გადაწყვეტილებაა, რომელსაც პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

"გუშინ ბატონ გიორგი კეკელიძესთან შეხვედრა მქონდა. მე მადლობელი ვარ ყველა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც მან თავის კოლექტივთან ერთად გააკეთა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას. ეს არის საკადრო გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებასა და კომენტარს არ ვაპირებ, ვინაიდან, საქმე საკადრო გადაწყვეტილებას ეხება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებია [...] ეროვნულ ბიბლიოთეკას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. ის უფრო მეტი და დიდია, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ვართ, თითქმის 200-წლიანი ისტორიით. ის საქმე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში კეთდებოდა, მნიშვნელოვანია. ამის უკან მისი დიდი კოლექტივი დგას, რომელმაც ეროვნული ბიბლიოთეკა ჩვენამდე იმ სახით მოგვიტანა, როგორიც ის არის და ასევე, იმ მომავლის ხედვით, რომელიც მას აქვს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

პაპუაშვილის თქმით, გიორგი კეკელიძეს კონსანტინე გამსახურდია შეცვლის, რომელიც, მისივე განცხადებით, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად ოფიციალურად უახლოეს მომავალში დაინიშნება. 

11 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ დაწერა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუშვილი შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, "რადგან 11 წელი ბევრია". კეკელიძე ამბობს, რომ ეს ძალიან დიდი უსამართლობაა.

კომენტარები