ეროვნული ბიბლიოთეკა

პაპუაშვილი: გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო

შალვა პაპუაშვილი

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ პირებს ახალი დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია წარვუდგინე, მან თანამშრომლებს ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცაილურ ქსელში წერს. 


"ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე მრავალწლიანი საქმიანობისთვის, ახალ დირექტორს კი წარმატებები ვუსურვე საერთო ეროვნულ საქმეში.

კონსტანტინე გამსახურდიამ თანამშრომლებს ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების ხედვა გააცნო. აგრეთვე ვისაუბრეთ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე" - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.

11 იანვარს კონსტანტინე გამსახურდიამ ტაბულას უთხრა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. მან ასევე აღნიშნა, რომ შემოთავაზება პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან მიიღო, როგორც "ეს კანონითაა განსაზღვრული".

11 იანვარსვე კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, შალვა პაპუაშვილი  შეხვდა და უთხრა, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს, "რადგან 11 წელი ბევრია".

"პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება - გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა - მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს" - წერს კეკელიძე.

კომენტარები