16 აპრილს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე სისხლის ბანკის თანამშრომლები ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დონორობის მსურველებს მიიღებენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე Facebook-ზე წერს, რომ ახალი კორონავირუსის ფონზე სისხლის დონორთა რიცხვმა იკლო.
"კოვიდ-ინფექციას, ცხადია, სხვა არანაკლებ რთული ანაც კიდევ უფრო რთული ავადმყოფებები არ გაუუქმებია. ბოლო თვეა, გასაგები მიზეზის გამო, იკლო სისხლის დონორთა რიცხვმა. ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავაც მზად არის საკუთარი სივრცე დაუთმოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცედურას,"- წერს კეკელიძე.
კეკელიძის ინფორმაციით, სისხლის გაცემის აქციაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება.
რაც შეეხება წესებს:
1. ყველა მსურველს ვთხოვთ, ეკეთოს ნიღაბი;
2. პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ ჩაგიტარდებათ ხელების დეზინფექცია;
3. მოხდება თერმო სკრინინგი, ჩატარდება კონსულტაცია ექიმ-თერაპევტთან და წინასწარი ლაბორატორიული კვლევა;
4. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი იქნება სპეც-სამოსით;
5. ჩასაბარებლად მოსულებმა უნდა დაიცვან დისტანცია;
ძირითადი მოთხოვნები:
1. არ უნდა იყოთ გაციებული, არ უნდა გქონდეთ სიცხე, ყელის ტკივილი;
2. არ უნდა გქონდეთ ქრონიკული დაავადებები - ჩიყვი, დიაბეტი და ა.შ;
3. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
4. გადამდები ინფექციები.