საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტო: გასულ წელს აქტივების ზომა ₾4.4 მლრდ, წმინდა ამონაგები კი ₾856.7 მლნ იყო

adf.org.au

საპენსიო სააგენტო გასული წლის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 4.4 მლრდ ლარით განისაზღვრა, საიდანაც წმინდა ამონაგები 856.7 მლნ ლარია. გარდა ამისა, როგორც სააგენტო აღნიშნავს, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 1.4 მლნ ადამიანს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7 095 პირმა, ხოლო პენსიის სახით გაცემულმა თანხამ დაახლოებით 21.5 მლნ ლარი შეადგინა. 

"საპენსიო სააგენტოს ამონაგებზე დადებითი გავლენა იქონია, დეკემბერში გლობალურ ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ (+3.1% წინა თვესთან შედარებით). ერთის მხრივ საქართველოში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მეორეს მხრივ კი დაბალი ინფლაციის დონე, დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს რეალურ ამონაგებზე (ინფლაციის გათვალისწინებით). ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა". - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პორტფელების მიხედვით დეკემბრის თვის ამონაგები:

• ნაკლებრისკიანი პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.26%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.17%
• საშუალორისკაინი პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.39%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.30%
• მაღალრისკიანი პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.46%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.37%.

რაც შეეხება აქციების პორტფელის მიმოხილვას, სააგენტო 2023 წელს დადებითად აფასებს გლობალური აქციების ბაზრების კონტექსტში. მათივე თქმით, დადებითი დინამიკა შენარჩუნდა დეკემბერშიც, ხოლო ძირითადი საფონდო ინდექსები დაბალი ერთნიშნა ზრდით გამოირჩეოდნენ. 

"განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა 2023 წელი ლათინური ამერიკის აქციებისთვის, რომლებიც 2023 წელს 25.1%-ით გაიზარდნენ. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში 8.3% ლათინური ამერიკის კომპანიებზე მოდის.

31 დეკემბრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 19.2% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 43.4% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში". - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები