ფონდი ქართუ

ქართუ: რომ არა ივანიშვილის მიმართ არაფორმალური სანქციები, 2-3-ჯერ მეტს გავაკეთებდით

ბიძინა ივანიშვილი, 2013 წლის 5 თებერვალი.  
ალექსანდრე იმედაშვილი / РИА

ფონდი ქართუს განცხადებით, მათმა შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. ქართუ ირწმუნება, რომმმიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს "თავისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს". ფონდი TV პირველის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი ელიტა ბურჯის ტერიტორიაზე, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 16 კორპუსს ააშენებს.

"მიზანი იყო, დაეჯერებინათ მაყურებლისთვის, რომ "ქველმოქმედებას ამოფარებული ივანიშვილი ცდილობს ქველმოქმედებით ფულის შოვნას“. არადა, რეალურად, ივანიშვილების ოჯახი ფონდი ქართუს ერთადერთი დონორია, ანუ ბიძინა ივანიშვილი ფონდს თავად სწირავს რეგულარულად საკუთარ სახსრებსა და შემოსავლებს და ქველმოქმედების საკითხს იმდენად ფაქიზად ეკიდება, რომ ფონდის არსებობის ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე არც ერთხელ დაუფინანსებია ფონდის მეშვეობით თავისი ოჯახის რომელიმე წევრი, ნათესავი ან ახლობელი – ამ დროს კი მას ფონდის ხარჯზე გამდიდრებას ედავებიან.

ამ შემთხვევაშიც სიმართლე ზედაპირზეა: ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს თავიანთ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზეც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი თავისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს.

უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ, გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს, ფაქტობრივად, არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც, ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა, რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები.

იქმნება პარადოქსული ვითარება, რა დროსაც, თუ ფონდი სამშენებლო გეგმებს სადმე ჩამორჩება, გვაკრიტიკებენ ნელი ტემპისთვის, ხოლო სადაც არა – იქ თავად მშენებლობა ცხადდება ბოროტებად, რისთვისაც დაუსრულებელ უსუსურ და აბსურდულ ბრალდებებს გვიყენებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები