აღმოსავლეთ პარტნიორობა

საქართველო აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში მე-3 ადგილზეა – რას ნიშნავს და რა შეიცვალა

აღმოსავლეთ პარტნიორობა

საქართველო აღმ. პარტნიორობის ქვეყნებში მე-3 ადგილზეა – რას ნიშნავს და რა შეიცვალა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო პარტნიორობის ჩარჩოში გაერთიანებულ 6 ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური წარმატებით მე-3 ადგილს იკავებს. 2023 წელს საქართველოს საშუალო ქულა 0.63-ია (0-1 სკალაზე), რაც 2021 წლის შეფასებას (0.68) ჩამორჩება.

ევროკავშირის მიერ შექმნილ პარტნიორობაში ჩართული 6 ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) ზოგადი შეფასებით ყველაზე წარმატებული მოლდოვაა (0.70), შემდეგ უკრაინა (0.66), მას მოსდევს საქართველო (0.63), სომხეთი (0.61), აზერბაიჯანი (0.47) და ბელარუსი (0.45).

ინდექსი ქვეყნების სამი ძირითადი მიმართულებით შეფასებას მოიცავს: დემოკრატია და კანონის უზენაესობა; ევროკავშირის პოლიტიკასთან სიახლოვე; მდგრადი განვითარება.

EaP Index 2023

საქართველო დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკითხში 0.65 ქულითაა შეფასებული, რაც 2021 წლის შეფასებაზე 7.1%-ით გაუარესებული მაჩვენებელია (0.70).

ევროკავშირის პოლიტიკასთან სიახლოვის შეფასება 13.5%-ითაა შემცირებული და 0.64 ქულით შეფასდა.

მდგრადი განვითარების კომპონენტი თითქმის უცვლელია და კვლავ 0.60 ქულით ფასდება. ამ საკითხის ერთ-ერთი ქვეთავია ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და ინკლუზიური ინსტიტუტების არსებობაც, სადაც საქართველოს პოზიცია ბოლო 2 წელში 25.7%-ით გაუარესდა და 0.55 ქულითაა შეფასებული.

"საქართველომ მნიშვნელოვნად დაკარგა პოზიციები როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების ინდიკატორებში. საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდება მნიშვნელოვანი დაღმავალი ტენდენციით, თუ არა მკვეთრი დაცემით მრავალ სფეროში, რაც ასევე ასახულია ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციაში. 

მნიშვნელოვანი კლება გამოვლინდა ინდექსში შეფასებული თითქმის ყველა სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფო ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, საჯარო ადმინისტრაცია, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოს და კლიმატის პოლიტიკა). გამონაკლისია შეკრების თავისუფლება". - ნათქვამია შეფასებაში.

კვლევაში ხაზგასმულია ახალი ტენდენცია, რომელიც ასოცირებული ტრიოს (უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს) ერთგვარ გაყოფას გულისხმობს. ავტორები მიიჩნევენ, რომ უკრაინა-მოლდოვასა და საქართველოს შორის განსხვავება იზრდება სხვადასხვა პოლიტიკური გარემოების გამო და ტრიოს 2 წევრი ევროკავშირისკენ უფრო სწრაფად მიიწევს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება აშკარად უგულებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების ნებას და "მიდრეკილია რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკისკენ", რაც ევროკავშირის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

შეიცვალა თუ არა ზოგადი სურათი

2015-16 წლების მონაცემებით, EaP ინდექსის მიხედვით მოლდოვა ლიდერობდა (0.73). მას მოჰყვებოდა უკრაინა (0.72); მესამე ადგილს სომხეთი იკავებდა (0.67), ხოლო საქართველო მეოთხე ადგილზე იყო (0.67).

2017 წელს უკრაინის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი მცირედით გაიზარდა და 0.73 შეადგინა,  შემდეგ იყო მოლდოვა (0.65) და ბოლოს საქართველო (0.64).

2018-2019 წლებში ევროკავშირთან პოლიტიკის დაახლოების კუთხით საქართველო ლიდერობდა (0.70), თუმცა 2020-2021 წლის მონაცემებით მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებელმა 0.70 შეადგინა, ხოლო საქართველოს ქულა 0.65 იყო.

წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიოს წინსვლა თითქმის მუდამ პროპორციული იყო, თუმცა საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების მაჩვენებელში ყოველთვის ყველაზე წარმატებული იყო, განსხვავებით სხვა საკითხებისა. ახალი კვლევით საქართველო ტრიოს სხვა წევრებს დემოკრატიის გარდა უკვე პოლიტიკის დაახლოებაშიც შედარებით ჩამორჩება (საქართველო - 0.74; უკრაინა 0.78; მოლდოვა 0.82).

აღმოსავლეთის პარტნიორობა (EaP) ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სპეციფიკური აღმოსავლური პროექტია, რომელიც 2009 წელს დაიწყო. პარტნიორობის მიზანია "გააძლიეროს და გააღრმაოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები" სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. EaP ინდექსის კვლევა ეყრდნობა ფორუმის დამოუკიდებელ დაკვირვებებსა და ექსპერტებს თითოეული ქვეყნიდან.

კომენტარები