თბილისის მერია

კალაძე: ვარკეთილის რეაბილიტაცია სექტემბრამდე დასრულდება, თუ პრობლემა არ შეიქმნა, ავლაბრისაც

მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაციის სურვილს გარკვეული დროის განმავლობაში არცერთი კომპანია გამოთქვამდა, რის გამოც, პროცესი დროში გაიწელა.  

"სავარაუდოდ, არავის უნდოდა პასუხისმგებლობის აღება ამხელა მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაზე, თუმცა, მოიძებნა კომპანია, რომელიც ამჟამად ასრულებს სამუშაოებს და რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება მეტროსადგურ ავლაბარს, თბილისის მერის თქმით, თავდაპირველ პროექტში ცვლილებების საჭიროება დადგა, რადგან მეტროსადგურის ვესტიბიულის დემონტაჟი მოხდა.

"ვესტიბიული ძალიან მძიმე, ავარიულ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, რეაბილიტაციის ნებისმიერი პროექტის დროს, პრობლემა ისაა, რომ არავინ იცის, რეალურად რა ხდება, რა მდგომარეობაა ადგილზე. როდესაც უშუალოდ სამუშაოები ხორციელდება, უდიდესი პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რაიმე დამატებითი პრობლემა არ შეიქმნა, მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაციაც ზაფხულში დასრულდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. რამდენიმე თვეში, 2018 წლის 30 იანვარს ვარკეთილის მეტროს ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მატარებელს ელოდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მერიამ ვარკეთილის რეკონსტრუქცია-რემონტისთვის ტენდერი 2022 წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია მამისონთან მერიამ ხელშეკრულება გაფორმებიდან 6 თვეში გაწყვიტა.

"მეორე ხელშეკრულება მერიამ უკვე უტენდეროდ, გამარტივებული წესით გაუფორმა შპს ბადა ქონსთრაქშენს. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 13.4 მილიონი ლარია, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ქართული ოცნების დამფინანსებელია". - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 

GMC-ის ინფორმაციით, 2022 წლამდე ბადა ქონსთრაქშენს სახელმწიფო ორგანოსთან მაქსიმუმ 2 245-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონია გაფორმებული. 

ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართული ოცნების შემომწირველმა კომპანია ბადა ქონსტრაქშენმა 2023 წლის 9 თებერვალს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 18 თვეში უნდა დაასრულოს. 

კომენტარები