იტალია

THE INSIDER: როგორ ცდილობდა ФСБ იტალიური პარტიის მოსყიდვას

იტალია

THE INSIDER: როგორ ცდილობდა ФСБ იტალიური პარტიის მოსყიდვას

მასალა მომზადებულია The Insider-ის გამოძიების მიხედვით

საგამოძიებო ჟურნალისტური პროექტის The Insider-ის სამი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის, მაიკლ ვაისისა და რომან დობროხოტოვის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია "ლიგის" წარმომადგენლები, კრემლთან დაკავშირებული წყაროებისგან დაფინანსების მოპოვების მიზნით, მოსკოვში ჩავიდნენ.

ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, შეხვედრა წითელი მოედნის მიმდებარედ "მეტროპოლის" სასტუმროში შედგა, რის შესახებაც ცნობები იტალიურ მედიაში 2019 წელს გამოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე იტალიური პარტია შეთანხმდა, რომ ნავთობით ვაჭრობის სქემით, ფულს გაათეთრებდა, რითაც რუსეთისგან $65 მილიონის რაოდენობის თანხას მიიღებდა.

მრავალთვიანი გამოძიების შედეგად The Insider-მა დაადგინა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რუსულ მხარეს, სულ მცირე, ერთი პირი ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) აგენტი იყო, რაც დღემდე უცნობ ფაქტად რჩებოდა. ხოლო იტალიურ მხარეს პარტია "ლიგის" (იმდროინდელი "ჩრდილოეთის ლიგა") ლიდერის მატეო სალვინის თანაშემწე ჯანლუკა სავოინი წარმოადგენდა.

იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიისთვის $65 მილიონის გადაცემის მცდელობას რუსული დაზვერვის საიდუმლო აგენტი ანდრეი ხარჩენკო ხელმძღვანელობდა. The Insider-ის ცნობით, მოსკოვის ძვირადღირებულ სასტუმროში შეთანხმება 2018 წლის ოქტომბერში დაიდო, რისი ჩაწერაც ფარულად მიმდინარეობდა.

ФСБ-ს მეხუთე სამსახური

ანდრეი ხარჩენკო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უცხოეთის დაზვერვის განყოფილების "მეხუთე სამსახურის" აგენტი იყო. რუსული დაზვერვის "მეხუთე სამსახური" სწორედ ის ორგანო იყო, რომელიც კრემლმა 2013-2014 წლებში ევრომაიდნის რევოლუციისას და 2022 წელს უკრაინაში შეჭრამდე პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენა. ამას გარდა, The Insider-ის გამოძიებით, რუსეთის "მეხუთე სამსახურმა" ევროპაში ორი პოლიტიკოსის -ევროპარლამენტის ლატვიელი წევრის ტატიანა ჟდანოკასა და გერმანელი პარლამენტარის მრჩევლის ვლადიმირ სერგიენკოს - გადმობირება უზრუნველყო.

 1980 წელს აზერბაიჯანში დაბადებული ანდრეი ხარჩენკოს რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირება The Insider-მა ბოლო პერიოდში რუსული სოციალური უსაფრთხოების გაჟონილი მონაცემებიდან შეძლო. გამოძიებით დადგინდა, რომ ხარჩენკოს დაზღვევის დოკუმენტებზე დამსაქმებლის ვინაობები იყო მითითებული, რომლებიც ФСБ-სთან იყვნენ კავშირში.

დღესდღეობით კარჩენკო პუტინის თანაშემწესთან და "მეხუთე სამსახურის" ყოფილ წევრთან იგორ ლევიტინთან მუშაობს. The Insider-ის ინფორმაციით, ხარჩენკო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთის ვიზიტების დროს ლევიტინის ახლდა თან.

​ ФСБ-ს აგენტი ანდრეი ხარჩენკო (მარცხნივ) ირანის ვიცეპრეზიდენტის მუჰამედ მოხბერისა და იგორ ლევიტინის შეხვედრაზე, 2023 წლის იანვარი

კრემლის გარიგება იტალიურ პარტიასთან

ანდრეი ხარჩენკომ ყველაზე ცნობილი როლი 2018 წლის 18 ოქტომბერს ითამაშა, როდესაც იტალიურ პარტია "ლიგასთან" გარიგების დადებით ევროკავშირისა და NATO-ს პოლიტიკურ სისტემებში რუსული თანხის შეტანა სცადა.

შეთანხმების ფარგლებში, შუამავლის მეშვეობით დაუზუსტებელი რუსული ენერგოკომპანია იტალიურ კომპანია Eni-ს $1.5 მილიარდის ნავთობს მიჰყიდდა, რაც შეთანხმებული ნავთობის რაოდენობის იმდროინდელ საბაზრო ფასზე $65 მილიონით ნაკლები თანხა იყო. შესაბამისად, ნანახი სარგებლის უდიდესი ნაწილი პარტია "ლიგის" დაფინანსებაში წავიდოდა. ამ პერიოდში, 2018 წლის მარტის არჩევნების შედეგად, ხსენებული პარტია იტალიის პარლამენტში 125 მანდატით იყო წარდგენილი.

გამოძიებაში The Insider-ის პარტნიორებმა სტეფანო ვერჯინემ და ჯიოვანი ტიციანმა იტალიურ გაზეთ Domani-სთან განაცხადეს, აღნიშნული შეხვედრა ერთჯერადი არ ყოფილა. მათ თქმით, ნავთობთან დაკავშირებულ გარიგებაზე მოლაპარაკებები "40 შეხვედრას მოიცავდა, რაც 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის თებერვლამდე მიმდინარეობდა". მოსკოვში მეტროპოლის სასტუმროს შეხვედრა ვერჯინემ და ჯიოვანიმ სწორედ თებერვლის თვეში გამოააშკარავეს.

იტალიის ყოფილი პარლამენტარისა და მემარცხენე-ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის წევრის პიერფრანჩესკო მაჯორინოს თქმით, "ჩვენ უპრეცედენტო სიმძიმის ხმაურიან საქმესთან გვაქვს შეხება. სალვინის ხროვამ, რომელსაც სავოინი ხელმძღვანელობს... მათთან ურთიერთობის დაჭერით, ვინც დემოკრატიულ ღირებულებებს არ აფასებ, ცეცხლთან ითამაშა. მგონია, რომ სამართლებრივი მნიშვნელობის გარდა, მკაცრად პოლიტიკურ დონეზე, ჩვენ გვჭირდება, უკან დავბრუნდეთ და ჩავიხედოთ, თუ რა მოხდა მეტროპოლში".

როგორც ჯანლუკა სავოინი მეტროპოლის შეხვედრაზე ხსნის, მოსკოვთან თანამშრომლობა, რასაც საფუძვლად ნავთობის ფული ჩაეყრება, საერთო ინტერესებზე იქნება დამყარებული. "ახალი ევროპა ისევე უნდა იყოს რუსეთთან ახლოს, როგორც მანამდე, რადგან ჩვენ გვსურს, სუვერენულობა გვქონდეს". - განაცხადა სავოინიმ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპის ქვეყნებიდან თანამოაზრე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ავსტრიის თავისუფლების პარტიიდან, საფრანგეთის ეროვნული ფრონტიდან და გერმანული პარტიიდან "ალტერნატივა გერმანიისთვის".

თავდაპირველად, როდესაც იტალიურ მედიაში სავარაუდო შეხვედრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, სალვინი და სავოინი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ. მათი თქმით, ცნობები, რომ "ლიგის" წარმომადგენლები კრემლის პოტენციურ აგენტებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ "ფანტაზიები" და წარმოსახვითი ისტორიები იყო. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ შეხვედრა ჩაწერილი იყო, ხოლო ჩანაწერმა ამერიკულ ახალი ამბების ვებსაიტზე BuzzFeed-ზე გაჟონა.

მალევე, იტალიის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, მტკიცებულებების არარსებობის გამო და არ შესრულებული ნავთობის გარიგებიდან გამომდინარე, გამოძიება წინა წლის ზაფხულში დასრულდა. ამის შემდეგ სავოინიმ განვითარებული მოვლენები "გლობალისტურ ძალებს" დააბრალა.

სალვინის გმირი

იტალიელი მემარჯვენე პოლიტიკოსი მატეო სალვინი უკვე ათწლეულებია, რაც იტალიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაახლოებას ემხრობა. 2014 წელს გავრცელებულ ერთ-ერთ სურათზე მოღიმარი სალვინი მოსკოვის წითელ მოედანზე დგას და თეთრი მაისური აცვია, რომელზეც პუტინი სამხედრო რეგალიებშია გამოწყობილი. 2019 წელს, სალვინმა პუტინს "დედამიწაზე საუკეთესო ხელისუფალი უწოდა".

იტალიის პრემიერმინისტრის ამჟამინდელი მოადგილე მატეო სალვინი, მოსკოვი, 2014

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეს სალვინი უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე პოლონურ ქალაქს ესტუმრა, სადაც ერთი მხრივ, დასავლეთიდან უკრაინაში შეიარაღება შედიოდა, და მეორე მხრივ, უკრაინიდან ლტოლვილები კონფლიქტს გამოურბოდნენ. პრესკონფერენციაზე ფშემისლის მერმა ვოიჩიჩ ბაკუნმა სალვინის ცნობილი სურათი ხელში დაიკავა და სალვინის მოუწოდა შეეხედა იმისთვის, თუ რას ჩადის მისი "მეგობარი პუტინი".

ამის მიუხედავად, სალვინი 2022 წლის მაისში მოსკოვში "სამშვიდობო მისიით" ჩასვლას გეგმავდა, თუმცა, ვიზიტი მას შემდეგ გადაიდო, რაც გაირკვა, რომ სალვინისა და მისი დელეგაციის Aeroflot-ის ბილეთების საფასური იტალიაში რუსეთის საელჩომ დაფარა.

კრიტიკის საგანი ყოფილა ჯანლუკა სავიონის მოსკოვთან კავშირებით. მხოლოდ 2018 წელს იგი რუსეთში 14-ჯერ ჩავიდა, 2014 და 2016 წლებში კი იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ეწვია. 2018 წლის 17 ოქტომბერს კი სავოინს ცნობილ რუს იდეოლოგთან და ულტრანაციონალისტ პროპაგანდისტთან ალექსანდრ დუგინთან ერთად გადაუღეს სურათი, თუმცა, ეს მათი პირველი შეხვედრა არ ყოფილა. დუგინი და სავოინი ერთმანეთს მრავალი წელია იცნობენ.

2016 წელს სავოინიმ ალექსანდრ დუგინის ახლა უკვე გარდაცვლილ ქალიშვილს დარია დუგინას ელექტრონული წერილი გაუგზავნა, რომელშიც მამამისს "ლიგისა და მარინ ლე პენის დიდებულ შეხვედრაზე" იწვევდა, რომელსაც ევროპის სხვა თანამოაზრე პარტიებიც დაესწრებოდნენ.

დუგინის კავშირი ФСБ-ს აგენტთან

როდესაც 2019 წელს The Insider-მა, Bellingcat-მა, Buzzfeed-მა მოსკოვში იტალიურ პარტია "ლიგასთან" შეხვედრაზე ხარჩენკოს ყოფნა გააშუქეს, გაირკვა, რომ ФСБ-ს აგენტს კავშირი ალექსანდრ დუგინთანაც ჰქონდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ხარჩენკო დუგინის ორგანიზაციაში "ახლო აღმოსავლეთის დირექტორი იყო. ამას გარდა, რუსეთის დაზვერვის აგენტმა ასევე აღიარა, რომ დუგინი მისი მასწავლებელი იყო, რომელმაც მას ფილოსოფიაში სადოქტორო ნაშრომის დაწერაში უხელმძღვანელა. (137-გვერდიანი დისერტაციის თემა, შეუკავებელი მიგრაციისა და ტელეფონის ე.წ. "სელფების" მორალური და გეოპოლიტიკური საფრთხეები იყო). ამასთანავე, The Insider-ის ცნობით, დუგინი და ხარჩენკო ხშირად ერთადაც მოგზაურობდნენ. მაგალითად, ისინი 2016 წლის ნოემბერში ოკუპირებულ ყირიმში ერთად ჩავიდნენ.

(მარცხნიდან მარჯვნივ) ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რუსი იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი, ემანუელ ლერუა და ФСБ-ს აგენტი ანდრეი ხარჩენკო

მართლმადიდებელი ოლიგარქი

ალექსანდრ დუგინის გლობალურ აქტიურობას ძირითადად მხარს უჭერს ცარისტული კომპანია ცარგრადის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ამავე სახელის პროპაგანდისტული ტელეარხის დამფუძნებელი და რუსი ოლიგარქი, კონსტანტინ მალოფეევი. იგი ღრმად რელიგიური მილიარდერია, რომელსაც ზოგჯერ "მართლმადიდებელ ოლიგარქს" უწოდებენ. ამ დროისთვის იგი უკრაინაში პრორუსი ძალების დახმარებისა და ყირიმის ოკუპაციის ხელშეწყობისთვის აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არის. ხოლო ცარგრადის პროპაგანდისტული მედია დუგინის მსოფლმხედველობის გაშუქების ქვაკუთხედია.

2022 წელს New Lines Magazine-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიებით, რომელიც მალოფეევის მოკავშირის მიხაილ იაკუშოვის კომპიუტერიდან გაჟონილ დოკუმენტებს ეყრდნობა, ირკვევა, რომ სალვინიმ მალოფეევი მეტროპოლის სასტუმროს შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის ნოემბერში, მოინახულა. Word-ის დოკუმენტში, რომელიც იაკუშოვი საკუთარ თავს გაუგზავნა, ეწერა, რომ სავოინისა და ხარჩენკოს შეხვედრამ "ლიგა"-რუსეთის თანამშრომლობის შანსები მკვეთრად შეამცირა, ვინაიდან სავოინი, მეტროპოლის ინციდენტის გამო, "ადგილობრივი (რედ. იტალიური) უსაფრთხოების სამსახურების თვალთვალის ქვეშ იყო". იაკუშოვს ასევე წინადადება ჰქონდა წამოყენებული, რომ შეხვედრა 2019 წლის შემოდგომაზე სანქტ-პეტერბურგში შეიძლებოდა შემდგარიყო. შეხვედრაზე მისაწვევ ევროპელ პოლიტიკოსებს ევროპის პარლამენტის ფრაქცია "იდენტობა და დემოკრატიის" ლიდერებიდან შეარჩევდნენ. როგორც ცნობილია, მსგავსი შეხვედრა არ შემდგარა.

თუმცა, სავოინის ელექტრონული ფოსტიდან ირკვევა, რომ 2019 წლის იანვარში AfD-ს (პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის) გერმანელი პარლამენტარების ჯგუფის სავოინი მოსკოვში ვიზიტს უგეგმავდა, სადაც გერმანელები, სავარაუდოდ, კონსტანტინ მალოფეევს უნდა შეხვედროდნენ.

კომენტარები