იტალია

იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკარგულებს ეძებენ

გუშინ, 9 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. დაღუპულია სამი ადამიანი, ხუთი მძიმედ დაშავდა, ოთხს კი ამ დრომდე ეძებენ.

იტალიური მედიის ცნობით, ტრაგედიის შედეგად დაღუპულები 36-დან 73 წლამდე პირები არიან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ორი მათგანი სამხრეთ იტალიიდან იყო, ერთი კი რუმინელი.

აფეთქება ქალაქ ბოლივიიდან 70 კილომეტრში, სუვიანას ტბაზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურზე, წყლის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეზე მოხდა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მაშველების თქმით, რთული პირობების გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაკარგულების პოვნას შეძლებენ.

ბოლონიის მერმა მატეო ლეპორემ, რომელმაც შემთხვევის ადგილი 9 აპრილს საღამოს მოინახულა, თქვა, რომ სამძებრო ჯგუფებისთვის წყლის ზედაპირიდან ათეულობით მეტრის ქვეშ არსებული პირობები "ნამდვილად რთულია". მისივე თქმით, ინციდენტი იტალიის უახლეს ისტორიაში სამუშაო ადგილზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტრაგედიაა.

კომენტარები