ერაყი

აშშ-ს იერიშს ბაღდადში კათაიბ ჰეზბოლას ლიდერი ემსხვერპლა

REUTERS/Ahmed Saad

Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბაღდადში დრონით თავდასხმას ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების, კათაიბ ჰეზბოლას მეთაური აბუ ბაქირ ალ-საადი ემსხვერპლა.

ინფორმაცია შემდეგში დაადასტურა აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ. მათი ცნობით, დარტყმას არ მოჰყოლია მოქალაქეთა სიკვდილი.

ალ-საადი ბაღდადში მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მანქანა საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მანქანა ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალებს (PMF) ეკუთვნოდა. 

გასულ დღეს აშშ-მ ერაყსა და სირიაში იერიშები მიიტანა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსისა და მათ მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ობიექტებზე. ეს იყო პასუხი იორდანიაში დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს სიკვდილზე. მაშინ ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ეს მათი საპასუხო ქმედებების მხოლოდ დასაწყისი იყო.


28 იანვარს თავს დაესხნენ იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტ Tower 22-ს. შედეგად 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მ მოწინააღმდეგის დრონი იმიტომ არ ჩამოაგდო, რომ ის მიიჩნიეს საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატად, რომელიც მისიიდან ბრუნდებოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადო პირობა, რომ თავდასხმაში მონაწილეები პასუხს აგებდნენ. აშშ თავდასხმაში პროირანულ დაჯგუფებებსა და ირანს ადანაშაულებდა. თეირანმა ბრალდება უარყო. 

Tower 22-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ერაყში მოქმედმა ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს, მათ შორის კათაიბ ჰეზბოლასა და ჰარაკათ ჰეზბოლა ალ-ნუჯაბას აერთიანებს. 31 იანვარს კათაიბ ჰეზბოლაში აცხადებდნენ, რომ აშშ-ს ობიექტებზე დარტყმებს წყვეტდნენ.

ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილი თავდასხმის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება გამწვავდა. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები, რომლებიც აშშ-ს ძალებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ესხმიან თავს. პარალელურად წითელ ზღვაში სავაჭრო ხომალდებს თავს ესხმიან იემენელი ჰუსიტები, რაზეც აშშ და დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმებით რეაგირებს. 

24 იანვარს აშშ-მ საპასუხო იერიში მიიტანა  ირანის მიერ მხარდაჭერილ შიიტურ დაჯგუფება კათაიბ ჰეზბოლასა და სხვა პროირანული ძალების სამიზნეებზე. აქამდე, 20 იანვარს ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ამერიკულ ბაზაზე თავდასასხმელად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს.

 

კომენტარები