მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოს მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რომლებიც სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.
აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად სირიულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. სირიულ მედიაში სხვა დეტალი იერიშის შესახებ არ გავრცელებულა.
ლიბანურმა პროირანულმა ტელეკომპანია Maydeen-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამასკოს სიახლოვეს, საიედა ზაინაბის უბანში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი მთავარი შიიტური სალოცავი მდებარეობს.
ისრაელის მხარეს სირიაში სარაკეტო იერიშებზე კომენტარი არ გაუკეთებია. რეგიონული სადაზვერვო წყაროების ცნობით, დამასკოს სამხრეთით, საიედა ზაინაბის უბანში პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების რაოდენობა გაიზარდა და იქ უკვე მიწისქვეშა ბაზებია მოწყობილი.