სომხეთი

სომხეთის პარლამენტის სპიკერი: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე უნდა დავფიქრდეთ

სომხეთის პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი
Echokavkaza

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ რუსეთი მათ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ ეხმარება და ევროკავაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე უნდა დაფიქრდნენ.

"ჩემი აზრით, ამ მიმართულებით ფიქრი გვჭირდება, მაგრამ აჩქარება არ მსურს, რადგან სახელმწიფოების შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობები არ არის კარგი. [...] მეორე მხრივ, არ მსურს, რომ ისე გამოვიდეს, თითქოს რაიმე ცალმხრივი ნაბიჯი გადავდგით". - თქვა სიმონიანმა.

სიმონიანის თქმით, სომხეთი დემოკრატიის მაღალი დონით გამოირჩევა, რომლითაც "მრავალ პარტნიორ ქვეყანას" ჯობნის. 

"ჩვენი ქმედებები აჩვენებს, რომ დემოკრატიის გაცილებით უფრო მაღალი დონე გვაქვს, ვიდრე ჩვენს მრავალ პარტნიორ ქვეყანას, რომლებიც ასევე ევროკავშირის წევრები არიან". - თქვა სიმონიანმა. 

პარლამენტის სპიკერმა დაამატა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გამოსვლას "არავინ გამორიცხავს", რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნას წარმოადგენს. მისივე თქმით, არ იცის, ამ შემთხვევაში რუსეთმა სომხეთს რა პრობლემები უნდა შეუქმნას.

"სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, ამან რა პრობლემები უნდა წარმოქმნას, თავს დაგვესხმებიან? სანქციებს გამოიყენებენ? რა უნდა გააკეთოს (რედ. - რუსეთმა)? თავდაცვა გვჭირდება, მაგრამ ათზე მეტმა ეპიზოდმა ნათელყო, რომ ჩვენი მოკავშირე არ გვეხმარება. საუბარია როგორც მთიან ყარაბაღზე, ისევე სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე". - თქვა სიმონიანმა. 

ჯერჯერობით, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებული გეგმა არ წარუდგენია. ოფიციალურად, სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან დაახლოება იმდენად სურს, "რამდენადაც EU-ს ეს შესაძლებლად მიაჩნია". 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ სომხეთთან ერთად "პარტნიორობის ახალი ამბიციური დღის წესრიგი" შეადგინეს. 

რუსეთსა და სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ერევანი ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის გამყარებას ცდილობს. 

მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ ОДКБ-ში მონაწილეობა შეაჩერა.

კომენტარები