დონალდ ტრამპი

ორჯერ ამერიკაში – იგივე ხალხი, იმავე ბრძოლაში

დონალდ ტრამპი

ორჯერ ამერიკაში – იგივე ხალხი, იმავე ბრძოლაში

4 მარტს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კოლორადოს შტატს არ შეუძლია, კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო ბიულეტენიდან ამოიღოს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ტრამპი იმავე დღეს გამოეხმაურა და მოქმედ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, მის წინააღმდეგ "კანონის იარაღად გამოყენება" შეწყვიტოს და ამასთანავე, აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების კრიზისს მიხედოს.

2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში ტრამპის ძირითადი გზავნილებიც სწორედ ეს იქნება: ერთი მხრივ, მისი ძალისხმევის მიზანია, თავი სამართლებრივი დევნის პოლიტიკურ მსხვერპლად წარმოაჩინოს, ხოლო მეორე მხრივ, იგი შეეცდება, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ერთ ადამიანს, დონალდ ტრამპს შეუძლია.

პარალელურად, წინასაარჩევნოდ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტრამპის წინააღმდეგ ნეგატიური კამპანიის წარმოებაა, რომლის არსიც ტრამპის დემოკრატიისთვის საფრთხედ წარმოჩენაა. ბაიდენის უმაღლესი მრჩევლის მაიკ დონილონის მიხედვით, ამ წლის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი "თავისუფლების დღის წესრიგი" იქნება.

ბაიდენის გუნდი იმედოვნებს, რომ არჩევნებზე ყურადღების ცენტრში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხის საკითხი იქნება, რასაც დონალდ ტრამპი განასახიერებს. დონილონის თქმით, "ხალხის გონებაში 6 იანვრის [კაპიტოლიუმზე მოწყობილი თავდასხმის] სურათი იქნება ყველაზე დიდი". 2020 წლის არჩევნებში სწორედ დონილონი იყო ის, ვინც ბაიდენის საარჩევნო კამპანია "ერის სულისთვის ბრძოლის" ცნების გარშემო ააგო. ხოლო გამარჯვების შემდეგ, ვინაიდან "ტრამპის საფრთხის" საბოლოოდ აღმოფხვრის იმედი ფუჭი აღმოჩნდა, დემოკრატებმა ხსენებული ნარატივი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერეს.

თუმცა, ამ სტრატეგიაზე პარტიაში ყველა არ თანხმდება. ბარაკ ობამას უფროსი მრჩევლისა და დემოკრატების პოლიტიკური კონსულტანტის დეივიდ აქსელროდის თქმით, რესპუბლიკელები გზავნილებში მთავარ აქცენტს "უკონტროლო მსოფლიოზე" ამახვილებენ, რომლის "მართვაც ბაიდენს არ შეუძლია". აქსელროდი მიიჩნევს, რომ "დემოკრატიის გადარჩენა" ჩვეულებრივი ამომრჩევლისთვის საკმარისად მომხიბვლელი არ არის და დემოკრატებს ურჩევს, ყურადღება უფრო კონკრეტულ საკითხებს დაუთმონ.

დემოკრატების მიერ არჩეული გზა ჯერჯერობით ამერიკელი ამომრჩევლებისთვისაც არ ითარგმნება დამარწმუნებელ სტრატეგიად. ბოლო კვირის გამოკითხვები (Bloomberg, Wall Street Journal, CBS და New York Times) ბაიდენისთვის საგანგაშო და დასაფიქრებელ სურათს ქმნის: ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკა არასწორი მიმართულებით მიდის და მათი უმეტესობა ტრამპის მიმართ უფრო დადებითად არის განწყობილი.

მაგალითად, NYT-ის მიერ 980 დარეგისტრირებული ამომრჩევლის გამოკითხვიდან ირკვევა, რომ 65%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთანავე, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ისინი ხმას არჩევნების დღეს ჩატარების შემთხვევაში, 48% პასუხად ტრამპს ასახელებს, 43% კი - ბაიდენს. WSJ-ის მიერ დასმულ იმავე კითხვაზე 47% ამბობს, რომ ტრამპს მისცემდა ხმას, ხოლო 45% - ბაიდენს.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2016-სა და 2020 წლის არჩევნებში ტრამპმა იმაზე უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ამას წინასაარჩევნო გამოკითხვები პროგნოზირებდნენ. გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, ბაიდენის მსგავს რთულ მდგომარეობაში, ჯიმი კარტერის შემდეგ, თანამდებობაზე მყოფი არცერთი პრეზიდენტი ყოფილა, რომელიც ამასთანავე მეორე ვადით აპირებდა კენჭისყრას.

აშშ-ს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ ისტორიული იქნება, რადგან მის შედეგებზე, აშშ-ს შიგნით და ზოგადად მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამერიკის არჩევნებისთვისაც კი ჩვეულზე მეტი საკითხი იქნება დამოკიდებული. 2016 წელს ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ს შიგნით და მსოფლიოში ფუნდამენტური პარადიგმული რხევები გამოიწვია და მას შემდეგ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების პარტიამ, ახალ პრეზიდენტთან მიმართებით ფერი იცვალა.

მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში რთული იქნება იმის თქმა, თუ რა შედეგით დამთავრდება 2024 წლის არჩევნები, რადგან წელს საპრეზიდენტო რბოლას გამორჩეულად ბევრი ცვლადი განსაზღვრავს და საარჩევნო გარემოც განსაკუთრებულად არასტაბილურია. ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია იმ ფაქტორებზე ვიმსჯელოთ, რამაც შესაძლოა ტრამპს წინასაარჩევნო პერიოდში დაბრკოლებები შეუქმნას. ხოლო მისი კამპანიის მიხედვით, ვივარაუდოთ, თუ როგორი სახე ექნება, გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობას.

 

ტრამპის სამართლებრივი თავგადასავლები

2020 წელს არჩევნებში წაგების შემდეგ ტრამპს ქვეყნის მასშტაბით რიგი სასამართლო დაბრკოლებები დაატყდა თავს. იგი ჯერ სექსუალურ შევიწროებაში, შემდეგ კი ფინანსურ თაღლითობაში ცნეს ბრალდებულად. ამასთანავე, იგი არჩევნების შედეგების გადატრიალების მცდელობისა და კლასიფიცირებული დოკუმენტების დაბრუნებაზე უარის თქმის გამო სამართალდარღვევაშია დადანაშაულებული.

ამჟამად ტრამპისთვის მძიმე დანაშაულზე წაყენებულ ბრალეულობათა რაოდენობა 91-ს აღწევს, რომლებიც ორი შტატის სასამართლოსა და ორ ფედერალურ ოლქში გადაწყდება. მათგან თითოეულზე შესაძლოა, ტრამპს პატიმრობა შეეფარდოს.

ნიუ იორკის შტატი: თაღლითობის საქმე

ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის საქმეზე საქალაქო სარჩელი ნიუ იორკის მთავარმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა 2022 წლის შემოდგომაზე შეიტანა. მან 45-ე პრეზიდენტს საკუთრებების ღირებულებაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დასდო ბრალი, რითაც ტრამპმა საგადასახადო ხარჯის შემცირება ან სესხების პირობების გაუმჯობესება მოახერხა.

16 თებერვალს მოსამართლე ართურ ენგორონმა აღნიშნულ საქმეზე ტრამპს $355 მილიონის გადახდა დაავალა, რაც პროცენტის დარიცხვის შემდეგ $454 მილიონამდე გაიზარდა. სასამართლოს გათვლებით, ტრამპმა უკანონო მეთოდებით სწორედ ამ რაოდენობის თანხის მიღება შეძლო.

ენგორონმა ასევე ერიკ და დონალდ ტრამპ უმცროსს $4 მილიონის ოდენობის ჯარიმა დაუწესა და ნიუ იორკში ოჯახის სამივე წევრს კომპანიის მართვა წლობით აუკრძალა. ტრამპს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, თუმცა, სასამართლომდე მას ვალდებულებების დაფარვა მაინც მოუწევს.

მანჰეტენი: ცილისწამებისა და სექსუალური შევიწროების საქმე

ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალმა ჯინ ქეროლმა სამოქალაქო საქმეზე მას შემდეგ უჩივლა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა 1990-იან წლებში ქეროლის სექსუალური შევიწროების ბრალდება უარყო. შედეგად, ქეროლი მას ცილისწამებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებაში შეედავა. სასამართლომ 2023 წლის მაისში ორივე ბრალეულობაში მოსარჩელის მხარე დაიკავა და ტრამპს დაზარალებულისთვის $5 მილიონის გადახდა დააკისრა. მოგვიანებით კი, ცილისწამების მეორე საქმეზე 2024 წლის იანვარში სასამართლომ მას ჯინ ქეროლისთვის დამატებით $83.3 მილიონის გადახდა უბრძანა.

ტრამპმა ხსენებული ორი გადაწყვეტილებაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ მას 9 მარტამდე, დაზღვევის მიზნით, ანგარიშზე $83.3 მილიონის განთავსების ვალდებულება მაინც დაეკისრა.

მანჰეტენი: ფული დადუმების მცდელობისთვის

2023 წლის მარტში მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა მძიმე დანაშაულზე ტრამპს პირველი ბრალდებები წაუყენა. ბრალდების მხარის ვარაუდით, ყოფილმა პრეზიდენტმა საქმიანი ოპერაციების ჩანაწერები გააყალბა, რათა იმ ქალების სიჩუმე მოესყიდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული. ტრამპი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, რომლის მიზანიც, მისი თქმით, "არჩევნებში მისთვის ტკივილის მიყენებაა". საქმის მოსამართლემ ხუან მეჩანმა თებერვალში განაცხადა, რომ სასამართლო განხილვები 25 მარტს დაიწყება.

მარ-ა-ლაგოს დოკუმენტები

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა ტრამპს თეთრი სახლის დატოვების დროს შენობიდან დოკუმენტების გატანის ფაქტზე, 37 მძიმე დანაშაულზე წაუყენა ბრალი. ბრალდებებს შორისაა მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ინფორმაციის განზრახ შენახვა, დოკუმენტების დამალვა და ცრუ ჩვენებების მიცემა. საქმე ეხება ტრამპის მიერ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ თავის საკუთრებებში თეთრი სახლიდან დოკუმენტების წაღებას, რომელთა ნაწილიც კლასიფიცირებულ ინფორმაციას შეიცავდა.

ჯეკ სმიტმა ბრალდებები ტრამპს 2023 წლის ივნისში წარუდგინა, თუმცა, სასამართლოს თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. არსებობს შესაძლებლობა, რომ თარიღი 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნოს, რა შემთხვევაშიც, თუკი ტრამპი გაიმარჯვებს, მას საქმის შეჩერების უფლებამოსილება ექნება.

არჩევნების დამხობის საქმე ფულტონის ოლქში

ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა 2023 წლის აგვისტოში დაშანტაჟების საქმეზე დონალდ ტრამპსა და კიდევ 18 პირს, 2020 წლის არჩევნების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში დასდო ბრალი.

საქმეში ბრალი მრავალ პირს აქვს წარდგენილი, რომელთა შორისაც კენეტ ჩესბორო და სიდნი პაუელიც იყვნენ. მათ სასამართლოსთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, ბრალეულობა სისხლის სამართლის მხოლოდ წვრილმან დანაშაულებში აღიარეს.

დანარჩენი ბრალდებულების სასამართლო 2024 წლის 5 აგვისტოს არის ჩანიშნული, თუმცა, პროკურატურისთვის არ იქნება მარტივი, ნაფიც მსაჯულები დაარწმუნოს, რომ ტრამპი დამნაშავეა. პარალელურად, საქმის მოსამართლე სკოტ მაკაფი მარტში განიხილავს შუამდგომლობას, რომ უფლებები ჩამოერთვას ფანი უილისს (საქმის პროკურორს), რადგან მას დაქირავებულ სპეციალურ პროკურორთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

არჩევნების დამხობის საქმე ფედერალურ სასამართლოში

სპეციალურმა პროკურორმა ჯეკ სმიტმა არჩევნების გადატრიალების მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპს ოთხ ფედერალურ მძიმე დანაშაულშიც წარუდგინა ბრალი. აღნიშნული საქმე დედაქალაქ ვაშინგტონის სასამართლოში განიხილება. 2023 წლის პირველ აგვისტოს დიდმა ჟიურიმ იგი საქმეში სამართალდამრღვევად ცნო, სასამართლო პროცესი კი 4 მარტს იყო ჩანიშნული. თუმცა, საქმე დროებით შეჩერებულია, რადგან უზენაესმა სასამართლომ ჯერ უნდა განიხილოს, ფლობს თუ არა დონალდ ტრამპი სასამართლო დევნისგან იმუნიტეტს.

უზენაესი მოსამართლეები საქმეს 22 აპრილის კვირაში მოისმენენ. ამ მხრივ, პროკურორი ჯეკ სმიტისთვის ტრამპის გასამართლების ვადა მცირდება, რადგან მარ-ა-ლაგოს დოკუმენტების საქმის მსგავსად, გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმის შეჩერების უფლებამოსილებაც ექნება. აქვე ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული საქმე თავისი ბუნებით აშშ-ს ისტორიაში უპრეცედენტოა.

 

Per Curium

2023 წლის 19 დეკემბერს კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ამერიკის სასამართლო ხელისუფლების ისტორიაში გაუკვალავ ტერიტორიაზე შევიდა. აშშ-ს კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 პუნქტის მიხედვით, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს 4-მა მოსამართლემ, 3-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ დონალდ ტრამპი შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან უნდა ამოეღოთ.

ხსენებული შესწორება გულისხმობს, რომ თუკი რომელიმე პირმა მანამდე კონგრესის წევრად, ან შეერთებული შტატების ოფიცრად, ან შტატის საკანონმდებლოს წევრად, ან ნებისმიერი შტატის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წევრად, აშშ-ს წინაშე ფიცი დადო, ხოლო ამის შემდეგ ამავე ქვეყნის წინააღმდეგ აჯანყებასა ან გადატრიალებაში ჩაერთო, მას კონგრესის სენატორად ან წარმომადგენლად, პრეზიდენტის ან ვიცეპრეზიდენტის ამრჩევთა კოლეგიის წევრად, ან სამოქალაქო, ან სამხედრო თანამდებობაზე მსახურობა ეკრძალება.

საქმეზე პირველი განაჩენი შტატის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა. ტრამპს ამომრჩევლები 6 იანვარს აშშ-ს წინააღმდეგ განზრახ ამბოხების გაღვივებასა და ხელშეწყობაში სდებდნენ ბრალს. მათი მტკიცებით, კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 პუნქტი პრეზიდენტის თანამდებობასაც მოიცავდა, შესაბამისად, ისინი საარჩევნო ბიულეტენიდან ტრამპის კანდიდატურის დისკვალიფიკაციას ითხოვდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი მე-3 პუნქტის ფარგლებში "ამბოხებაში იყო ჩართული", თუმცა, მოსარჩელე მხარის პოზიცია იმ მიზეზით არ გაიზიარა, რომ, მათი აზრით, აღნიშნული შესწორების მე-3 პუნქტი პრეზიდენტის თანამდებობას არ მოიცავდა, რადგან პრეზიდენტი, მათი მსჯელობით, "შეერთებული შტატების ოფიცერი" არ არის.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, როდესაც 19 დეკემბერს სასამართლომ კოლორადოს შტატის სახელმწიფო მდივანს ჯენა გრისვოლდს ტრამპის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების სიიდან ამოღება უბრძანა. კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-3 მუხლი პრეზიდენტის თანამდებობასაც მოიცავდა.

კოლორადოს შტატის შემდეგ დონალდ ტრამპი საარჩევნო ბიულეტენიდან მეინისა და ილინოისის შტატებშიც ამოიღეს, ხოლო იგივე მოთხოვნით ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 30-მდე შტატში გაიხსნა. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპმა კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ოთხ მარტს საკითხი საბოლოოდ, ერთხმად, 9:0-ის წინააღმდეგ, გადაწყვიტა.

უზენაესმა მოსამართლეებმა გააუქმეს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან, მათი თქმით, მე-14 შესწორების მე-3 პუნქტზე დაყრდნობით ფედერალურ არჩევნებში საპრეზიდენტო რბოლიდან კანდიდატის დისკვალიფიკაციის უფლებამოსილება შტატების ნაცვლად, მხოლოდ კონგრესს აქვს. ამასთანავე, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მიხედვით სიტყვა "ამბოხების" განმარტება ამერიკის კონგრესს ევალება.

უზენაესი სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ცხრავე მოსამართლე ერთ დასკვნაზე შეთანხმდა. შესაბამისად, წინასწარ გაქარწყლდა ყველა ის არალეგიტიმური ეჭვი, თითქოს "კონსერვატორი" მოსამართლეები ტრამპს ხელს დააფარებდნენ. მსგავს მცდარ მოსაზრებებში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები უფრო მეტად დარწმუნდებოდნენ, თუკი სამი "ლიბერალი" მოსამართლე უმრავლესობის დასკვნას არ გაიზიარებდა და უთანხმოებას გამოხატავდა.

ტრამპისთვის ყოველივე ამან წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელსაყრელი ქარიშხალი შექმნა, რითაც ამომრჩევლებისთვის კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა ის გზავნილი, რომ დემოკრატები ამერიკის სასამართლო სისტემას ტრამპის წინააღმდეგ მორიგ იარაღად იყენებენ, რათა პრეზიდენტობის გზაზე მას ხელი შეუშალონ. ის ფაქტი, რომ კოლორადოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე დემოკრატი გუბერნატორების მიერ იყო დანიშნული, ამ განცდის მხოლოდ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ერთი მხრივ, ეს ტრამპს დაეხმარება, ძირეულ რესპუბლიკელ ამომრჩევლებს შორის მხარდაჭერა გაიძლიეროს და წინასაარჩევნოდ დემოკრატების წინააღმდეგ შემართოს. მეორე მხრივ, როდესაც ტრამპი ისეთ საქმეში იმარჯვებს, რომლის შედეგიც საძირკველშივე იყო ცხადი, მარტივად დასანახია, რომ დამოუკიდებელი ამომრჩევლების გადმობირების გზაზე ეს მხოლოდ ტრამპის წისქვილზე ასხამს წყალს.

 

ტრამპისტების RINO-ები

5 მარტს აშშ-ში პრაიმერიზები და კოკუსები ერთდროულად 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე ჩატარდა, რასაც სხვაგვარად სუპერ სამშაბათი ჰქვია. ამ დღეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, ყველაზე მეტი, 865 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლია, რასაც 2 500-დან 1 215 დელეგატის მხარდაჭერის მოპოვების რბოლაში  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტრამპმა სუპერ სამშაბათის შტატებიდან მხოლოდ ერთში, ვერმონტში, ვერ მოიგო, სადაც გამარჯვება ნიკი ჰეილიმ მოიპოვა. მსგავსი წარმატება ტრამპისთვის თავისთავად გასახარებელია, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვების გართულება ტრამპის მხრიდან დღითიდღე უფრო დამამცირებლად აღიქმება.

2016 წელს, მას შემდეგ, რაც ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, "დიდ ძველ პარტიაში" (GOP) მნიშვნელოვანი გარდაქმნების პროცესი დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ტრამპის გადმოსახედიდან, იგი რესპუბლიკური პარტიის ცენტრია, ყველა დანარჩენი კი მის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს - იგი როგორც მეფის დამსმელი, ასევე მისი გადამგდებია. საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის ცნობილი გამოთქმა რომ ავიღოთ, L'État, c'est moi ("სახელმწიფო, ეს მე ვარ"), ტრამპის შემთხვევაში ანალოგიური მიმართება მისსა და რესპუბლიკურ პარტიას შორისაა. შესაბამისად, თუკი არ არსებობს დონალდი, არ არსებობს რესპუბლიკური პარტიაც.

ამ მსოფლმხედველობით მოძრავი ტრამპი და მისი ამომრჩეველი რესპუბლიკურ პარტიას ორ ნაწილად ყოფენ: 45-ე პრეზიდენტის ერთგულებად და "მხოლოდ სახელით რესპუბლიკელებად" (RINO - Republican In Name Only). მაგალითად, როდესაც ნიუ ჰემპშირის პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ, დამარცხების მიუხედავად, რბოლის გაგრძელება გადაწყვიტა, ტრამპმა მას RINO-ებთან ალიანსის შეკვრა დააბრალა. მან ასევე "ნამდვილი RINO გლობალისტი" უწოდა კიდევ ერთ თანაპარტიელ მეტოქე რონ დესანტისს, ყოფილ პრეს მდივანს კეილი მაკენანისა და ყოფილ ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს, მას შემდეგ, რაც პენსმა 2021 წლის არჩევნების შედეგები გააფორმა. ამგვარად, თუკი რესპუბლიკელი ემორჩილება ტრამპის ნებას და მისი ერთგულია, ის "ნამდვილი რესპუბლიკელია", წინააღმდეგ შემთხვევაში იგი RINO-ს გზას ადგას.

RINO-ს იარლიყი ტრამპის მოგონილი არ არის. აღნიშნული ტერმინით ჯერ კიდევ 1990-იან წლებში იმ კონსერვატორებს მოიხსენიებდნენ, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხში საკმარისად მყარი კონსერვატიული შეხედულებები არ ჰქონდათ. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ რესპუბლიკელთა დიდი ნაწილი რამდენიმე წლის წინ სწორედ ტრამპს მიიჩნევდა RINO-დ: იგი ღრმად დემოკრატიული ნიუ იორკიდან იყო, დემოკრატებისთვის ჰქონდა დახმარება გაწეული და ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აბორტი და იარაღის კონტროლი, საშუალო რესპუბლიკელისთვის შეუსაბამო პოზიციები ეკავა.

ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის გარდაქმნა მოულოდნელი, მაგრამ საბოლოოდ გარდაუვალი აღმოჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში პარტია თანდათან უფრო მეტი "ტრამპის ლოიალისტით" შეივსო, ხოლო პარალელურად ტრადიციული რესპუბლიკელებისა და ნეოკონსერვატორების ფლანგი შესუსტდა. აშშ-ს სენატში რესპუბლიკელების ლიდერის მიტჩ მაკკონელის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადება, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ლიდერობის პოსტის დატოვებას აპირებს, ამ ტრენდს სავარაუდოდ კიდევ უფრო დააჩქარებს.

ამგვარი დინების ფონზე, ნიკი ჰეილიმ სცადა, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში რესპუბლიკელებისთვის ტრამპის ალტერნატივა შეეთავაზებინა. თუმცა, რბოლაში სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მეტხანს დარჩენის მიუხედავად მან პრაიმერიზებში 20-30%-ზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო. ჰეილიმ ტრამპი მხოლოდ ორგან, ვაშინგტონსა და ვერმონტის შტატში დაამარცხა, თუმცა, ამის გამო ტრამპის ფრთამ ჰეილი მაშინვე "ჭაობის დედოფლად" მონათლა.

ის, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე რაუნდი იქნება, მეტწილად, უკვე გადაწყვეტილია, თუ მანამდე რაიმე მოულოდნელი მოვლენა არ მოხდა. სუპერ სამშაბათის შემდეგ ტრამპს 600-მდე დელეგატის მხარდაჭერა ჰქონდა მოპოვებული, ჰეილის კი - 60-ის, რის შემდეგაც WSJ-მ გაავრცელა ცნობა, რომ ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო რბოლას იმავე დღეს გამოეთიშება, თუმცა, ტრამპისადმი მხარდაჭერის გამოცხადების გარეშე. სანაცვლოდ, გამოცემა წერს, რომ ჰეილი ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდებს, დასარწმუნებელი რესპუბლიკელებისა და დამოუკიდებელი ამომრჩევლების მხარდაჭერის დამსახურება თავადვე სცადოს.

 

ტრამპი VS ბაიდენი 2.0

2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთვის დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს ორი ძირითადი რამ სჭირდებათ - საკუთარი პარტიის ძირეულ ამომრჩევლებს შორის მხარდაჭერის გამყარება და დამოუკიდებელი მხარდამჭერების გადმობირება. უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა კანდიდატმა პარტიული ამომრჩევლებიდან, სულ მცირე, 90%-ის მხარდაჭერისა და დამოუკიდებლებს შორის მეტოქეზე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება უნდა სცადონ.

მაგალითად, 2016 წელს დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლების 90%-მა და დამოუკიდებლების 48%-მ დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ჰილარი კლინტონმა დემოკრატების 89%-ისა და დამოუკიდებლების 42%-ის ხმათა მოპოვება შეძლო.

ხოლო 2020 წელს ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დემოკრატების 94%-იანი მხარდაჭერითა და დამოუკიდებლების 54%-ის გადაბირებით მოახერხა. ტრამპმა 2020-ში წინა არჩევნებთან შედარებით რესპუბლიკელების მხარდაჭერის გამაგრება მოახერხა (მან ხმათა 94% აიღო), თუმცა მას დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის ბაიდენმა აჯობა. ტრამპმა არაპარტიულ ამომრჩევლებს შორის მხოლოდ 41%-ის აღება მოახერხა.

სტატიის დასაწყისში განმარტებული დონალდ ტრამპის სტრატეგიაც ძირითადად აღწერილ მიზნებს ემსახურება. ტრამპი ცდილობს, რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებს დაანახოს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და ე.წ. "ისტებლიშმენტი", მას "აგორებული" სამართლებრივი საქმეებით პოლიტიკურად დევნის. აღნიშნული გზით ტრამპი ჯერჯერობით წარმატებულად ახერხებს ძირეული რესპუბლიკელი ამომრჩევლების ზურგში დაყენებას, რაშიც დემოკრატებიც ძალაუნებურად უწყობენ ხელს.

ხოლო დამოუკიდებელ ამომრჩევლებთან მიმართებით ტრამპის ძირითადი და არაგასაკვირი სტრატეგია ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ჩავარდნებში, გამართლებულად თუ გაუმართლებლად, ბაიდენის ადმინისტრაციის დადანაშაულებაა. ამისთვის ტრამპს მხოლოდ უძველესი რჩევის გათვალისწინება სჭირდება: არასოდეს შეუშალო ხელი შენს მტერს, როდესაც იგი თვითგანადგურების პროცესშია. საკმარისია, შევადაროთ ბაიდენისა და ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა. ამ დროისთვის აშშ-ში თითქმის საყოველთაო კონსენსუსი შედგა იმის თაობაზე, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისი საბოლოოდ უნდა გადაიჭრას.

ცხადია, ეს მხოლოდ ახლანდელ პრეზიდენტზე არ არის დამოკიდებული - უკვე რამდენიმე თვეა, რაც კონგრესი, სხვადასხვა მიზეზის გამო, სასაზღვრო უსაფრთხოების დაფინანსების კანონპროექტს ვერ იღებს. მაგრამ ამომრჩევლებს არც ის ავიწყდებათ, რომ პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ ბაიდენი იყო ის, ვინც ტრამპის პერიოდის შეზღუდვები მყისიერად გააუქმა და შემდგომ მიგრანტების გაზრდილი ტალღის შესაკავებლად ვერაფერი მოიმოქმედა. ხოლო მისი საიმიგრაციო პოლიტიკის წყალობით, 2021 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს საზღვარს არალეგალურად საშუალოდ ორი მილიონი ადამიანი კვეთს. შესაბამისად, ბაიდენს გაუჭირდება, ამომრჩევლების თვალში, არსებულ მიგრანტების კრიზისზე საკუთარი პასუხისმგებლობის როლი შეამციროს, რასაც ტრამპი დამოუკიდებელი, ცენტრისტული ამომრჩევლების გადაბირებისთვის ეფექტურად გამოიყენებს.

ყოველივე ამის მიუხედავად, 2024 წლის რბოლაში გადამწყვეტი კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი იქნება, რომელთაგანაც თითოეულს შეუძლია, არჩევნების ბედი ერთი, ან მეორე მიმართულებით წარმართოს.

ერთი მხრივ, სრულად შესაძლებელია, რომ რამდენადაც ბაიდენი და ტრამპი მოწინააღმდეგის გამარჯვებას "ამერიკის დასასრულს" გაუტოლებენ, იმდენად გაიზარდოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვი. ან პირიქით, პერსონალური თავდასხმებით დატვირთული არჩევნების ფონზე, შესაძლოა, ამომრჩევლებმა სულაც სახლში დარჩენა და არჩევნების გამოტოვება გადაწყვიტონ. წინასწარ რთული იქნება იმის განსაზღვრა, რომელი პარტიისა და კანდიდატის ამომრჩეველი რა შემართებით იქნება არჩევნების დღეს.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა შეიძლება არჩევნებამდე ნიკი ჰეილის ამომრჩევლები იმდენად გაიუცხოოს, რომ გადამწყვეტ დღეს მათი მხარდაჭერის მოპოვება ვეღარ შეძლოს, რაც გამარჯვებისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ნიუ ჰემპშირში ნიკი ჰეილის ყოველი ათი მხარდამჭერიდან რვამ Fox News-თან განაცხადა, რომ თუკი ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციას მოიპოვებდა, ისინი მას მხარს არ დაუჭერდნენ. აღნიშნული გამოკითხვით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპს ნიუ ჰემპშირის პრაიმერიზის ამომრჩევლების 35%-ის გულის მოგება დასჭირდება, რაც, ნიკი ჰეილიზე გახშირებული პერსონალური თავდასხმების პარალელურად, მისთვის უფრო და უფრო რთულ დავალებად გარდაიქმნება.

2024 წლის არჩევნებს კიდევ უფრო გაართულებს რბოლაში დამოუკიდებელი კანდიდატების არსებობა. ამ ფაქტორის მნიშვნელობას წინა ორი არჩევნები ნათლად ასახავს, როცა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა იმდენი ხმის მოპოვება შეძლეს, რომ თავისუფლად შეეძლოთ არჩევნების ბედზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, 2015 წელს მწვანეთა პარტიის ჯილ შტეინმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში ტრამპის გამარჯვებისთვის საჭირო სხვაობაზე მეტი ხმები აიღო. მსგავსი სურათი ბაიდენთან მიმართებით 2020 წლის არჩევნებში ლიბერტარიანელმა ჯო ჯორგენსენმაც აჩვენა, რომელმაც არიზონის, ჯორჯიისა და ვისკონსინის შტატებში იმდენი ხმა აიღო, რამდენიც სხვაგვარად ბაიდენს მოგებისთვის საჭირო სხვაობის მოპოვებაში დასჭირდებოდა.

 

ტრამპის მეორედ მოსვლა

ბოლო საკითხი, რაზეც შეიძლება ვიმსჯელოთ, არის ის, თუ როგორი იქნება ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიაში რამდენიმე პოლიტიკურ მიზანს სახავს. შიდა პოლიტიკაში, მისი თქმით, გადასახადების შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთის დაწევას აპირებს. გარე პოლიტიკაში კი, ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე ომების დასრულება სურს და კვლავ იმეორებს, რომ მისი პრეზიდენტობის ქვეშ, უკრაინასა და ისრაელს თავს არასდროს დაესხმებოდნენ.

ერთია, რა სურს ტრამპს, და მეორეა, რა გზებით აპირებს იგი ჩამოთვლილი მიზნების მიღწევას. თუკი ყოველივე დაბრკოლების მიუხედავად იგი 2024 წელს გაიმარჯვებს, ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას, 2016 წელთან შედარებით, ტრამპი მკვეთრად განსხვავებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს. ეს არა მხოლოდ მოსალოდნელი, არამედ მისი ხასიათიდან გამომდინარე, გარდაუვალიც იქნება. უილიამ ბარსა და მაიკ პენსთან გამოვლილი გამოცდილების განმეორების თავიდან არიდების მიზნით, იგი უდიდეს ყურადღებას, დანიშნული პირების მისდამი ერთგულების გრძნობას მიაქცევს.

ამასთანავე, ტრამპის გაცხადებული მიზანია, რომ პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ ვაშინგტონში არსებული "ჭაობი ჩარეცხოს". მან ეს პირველ ვადაში ვერ მოახერხა, თუმცა, მეორე შანსის მიცემის შემთხვევაში იგი ნაკლებად შებოჭილი იქნება. ამისთვის კი, მას ისეთი პირების თანადგომა დასჭირდება, რომლებსაც ამერიკის პოლიტიკური სისტემის ლეგალური საზღვრების გამოცდა არ აწუხებთ.

უფრო ბუნდოვანია ის, თუ როგორ წარმართავს დონალდ ტრამპი აშშ-ს საგარეო პოლიტიკას. ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობისას მისმა მწვავე რიტორიკამ ამერიკის მოკავშირეებში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში, მაგალითად, NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და Nord Stream 2-ის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, მას სწორი პოზიციები ეკავა.

ტრამპის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამოცნობის მცდელობებში, ის პირებიც კი, რომლებიც ერთ დროს მასთან ასე თუ ისე დაახლოებულნი იყვნენ, ხშირად სხვადასხვა დასკვნამდე მიდიან.

მაგალითად, 2018-19 წლებში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ყოფილ პრეზიდენტს აშშ-ს უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ბოლტონის თქმით, ტრამპის ყველაზე საშიში დანატოვარი "იზოლაციონისტური ვირუსია", რომელიც რესპუბლიკურ პარტიაში ვრცელდება. ყოფილი მრჩეველი დონალდ ტრამპს 2024 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაში უკრაინის მიმართ არასათანადო პოლიტიკის წარმართვაში სდებს ბრალს, რამაც, ბოლტონის აზრით, საბოლოოდ, გარკვეულწილად უკრაინაზე რუსეთის თავდასხმასაც შეუწყო ხელი.

ამასთანავე, ბოლტონი უარყოფს ტრამპის განცხადებებს, რომ პრეზიდენტობის დროს იგი რუსეთის მიმართებით უფრო "მკაცრი" იყო, ვიდრე წინამორბედი პრეზიდენტები. ბოლტონის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მრჩევლების მხრიდან მოწოდებების შედეგად მიიღო, რასაც, როგორც ბოლტონი ამბობს, ტრამპი ძლიერ აპროტესტებდა. 45-ე პრეზიდენტის  ყოფილი მრჩეველი იმ დასკვნამდე მიდის, რომ პრეზიდენტობის "მეორე ვადაში უკრაინის მიმართ ტრამპის პოლიტიკა მოსკოვს შეუწყობს ხელს".

განსხვავებულ აზრზე დგას ევროკავშირში აშშ-ს ყოფილი ელჩი გორდონ სონდლენდი, რომელიც ირწმუნება, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამორიცხულია, რომ ტრამპი უკრაინას მიატოვებს. სონდლენდის თქმით, ტრამპი წინასაარჩევნოდ "ძლიერად იზოლაციონისტი" ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს. იგი ვარაუდობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი "24 საათში პუტინს ულტიმატუმს წაუყენებს" და ეტყვის, რომ ან ომს შეწყვეტს, ან მოკავშირეები იარაღისა და დახმარების მიწოდებას გაზრდიან და რუსეთისგან უკრაინას "გაწმენდენ".

"იმ ყველაფერზე დაყრდნობით, რაც მე მისი [ტრამპის] საგარეო პოლიტიკის წარმართვაზე ვიცი, როცა მას თანამდებობა ეკავა... მგონია, რომ იგი ამ მიმართულებით წავა. ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ იგი უკრაინას მიატოვებს". - ამბობს სონდლენდი.

მთავარი, რისი დაზუსტებით თქმაც შეიძლება ისაა, რომ საგარეო პოლიტიკის მხრივაც ტრამპის მეორე ვადა კიდევ უფრო "ტრამპისეული" იქნება, ვიდრე - პირველი. ზემოთ ჩამოთვლილი შერჩევის კრიტერიუმების გამო, იგი ისეთივე კონსერვატორებით აღარ შემოიფარგლავს თავს, როგორც ეს მან პირველი ვადის დროს გააკეთა. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკაში აღარ ეყოლება გამოცდილი ლიდერები. მისი გუნდის შემადგენლობაში იქნებიან პირები, რომლებიც ტრამპის ხედვებს მხოლოდ ირეკლავენ და არ ცდილობენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის მეორე ვადის ადმინისტრაცია, წინასთან შედარებით, ემოციურად უფრო დატვირთული და ინტელექტუალურად უფრო ნაკლოვანი იქნება.

კომენტარები