დონალდ ტრამპი

წინასაარჩევნოდ ტრამპმა ბიბლიის გაყიდვა დაიწყო

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში, 1-ელი ივნისი, 2020
Patrick Semansky/AP Photo

გუშინ, 26 მარტს, აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ მედია Truth Social-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მეფე ჯეიმსის ბიბლიას წარადგენს, რომელსაც ყდაზე "ღმერთმა დალოცოს აშშ" აწერია.

ტრამპმა ბიბლია ამერიკელ მომღერალ ლი გრინვუდთან პარტნიორობით გამოსცა, რომელიც სიმღერის "ღმერთმა დალოცოს აშშ" ავტორია. ტრამპის თქმით, ეს მეფე ჯეიმსის ვერსიის ბიბლიაა, რომელიც ასევე "ამერიკის დამფუძნებელი მამების" დოკუმენტებს შეიცავს: აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციას, უფლებათა ბილს, კონსტიტუციასა და ერთგულების ფიცს.

ვიდეოში ტრამპი მხარდამჭერებს მისი ბიბლიის ყიდვისკენ მოუწოდებს, რომლის ღირებულებაც $59.99-ია. მისი აზრით, "რელიგიურობა და ქრისტიანობა" დღესდღეობით აშშ-ს აკლია, რის გამოც, ტრამპის თქმით, ქვეყანა ცუდი მიმართულებით მიდის.

"ყველა ამერიკელს სჭირდება ბიბლია თავიანთ სახლში, და მე ბევრი [ბიბლია] მაქვს". -  ამბობს ტრამპი.

მანამდე, თებერვლის თვეში ტრამპმა ფილადელფიაში ტრამპის სპორტული ფეხსაცმელების ხაზი წარადგინა.

ე.წ. "ტრამპის ფეხსაცმელები" ახალ ვებსაიტზე $399 ღირდა, თუმცა, ისინი ერთ დღეში გაიყიდა. ოქროსფერ ფეხსაცმელებს ტრამპმა წარდგენის დროს შეურჩია სახელი და "არასდროს დანებდე მაღალსაყელოიანი სპორტული ფეხსაცმელები" დაარქვა. ვებსაიტის ინფორმაციით, გასაყიდად ფეხსაცმელების მხოლოდ 1000 წყვილი იყო.

კომენტარები