აზერბაიჯანი-სომხეთი

აზერბაიჯანი სომხეთისგან 4 სოფლის გათავისუფლებას ითხოვს

აზერბაიჯანის ვიცეპრემიერი, შაჰინ მუსტაფაევი

აზერბაიჯანის ვიცეპრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის ოფისის ინფორმაციით, ბაქო სომხეთისგან ოთხი არაანკლავური სოფლის გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, აზერბაიჯანი კიდევ ოთხი ანკლავური სოფლის საკითხსაც აყენებს.

"რაც შეეხება სომხეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ არაანკლავურ სოფელს (ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიფარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი), მათი აზერბაიჯანისთვის მიკუთვნება უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარება". - აცხადებს აზერბაიჯანის ვიცეპრემიერის ოფისი.

გარდა ამისა, მათივე ცნობით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში გადაწყდება აზერბაიჯანის ოთხი ანკლავური სოფლის (იუხარი ასკიფარა, სოფულუ, ბარხუდარლი და კარკი) საკითხი.

ვიცე პრემიერის ოფისში თქვეს, რომ ამჟამად აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისია მუშაობს დელიმიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო მარეგულირებელი ჩარჩოს შესაქმნელად.

ამასთან, ბაქომ უარყო სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ 31 სომხური სოფლის ოკუპაციის შესახებ.

კომენტარები