საქართველო-სომხეთი

25 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 25 მარტს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთში კობახიძეს ქვეყნის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. დახვედრის ცერემონია სომხეთის მთავრობის რეზიდენციაში გაიმართება.

"დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან". - ამბობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

მანამდე, 16 მარტს ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა და მასთან ერთად პრესკონფერენციაც გამართა.

კომენტარები