საქართველო-სომხეთი

ჯილიზას უხუცესი სოფლის საქართველოსთვის გადაცემაზე: ასეთი საუბრები არ გვქონია

სოფელი ჯილიზა

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი, ჯილიზა, შესაძლოა საზღვრის დემარკაციის ფარგლებში საქართველოს გადაეცეს. ამის შესახებ სოფლის უხუცესმა, მგერ ვარდანიანმა ABC Media-სთან საუბრისას თქვა, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობს.

"ასეთი საუბრები არ გვქონია, ვერაფერს ვიტყვი გარკვევით. ღმერთმა არ ქნას". - თქვა ვარდანიანმა ABC Media-სთან საუბრისას.

ვარდანიანმა დაამატა, რომ ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეუძლია და არ სჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.

"თუ სოფელს ნამდვილად გადასცემენ საქართველოს, რის გაკეთებას აპირებენ? საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს, მე ოპტიმისტი ვარ, როგორ შეიძლება, ჩვენი სოფელი საქართველოს მისცენ? მოგვიანებით შევხედოთ, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. არ მჯერა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს". - თქვა  ვარდანიანმა ABC Media-სთან საუბრისას.

სოფლის უხუცესის თქმით, საზღვართან დაკავშირებით უთანხმოებების შესაძლებლობა ვერ გამოირიცხება, მაგრამ ჯილიზა არ მდებარეობს ისეთ ადგილას, რომელიც სადავოდ შეიძლება იქცეს.

"სოფელი სადავო ტერიტორიაზე არ მდებარეობს, შეიძლება, საზღვრებთან დაკავშირებით რამენაირი პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ კონკრეტულად ეს სოფელი ისეთ ტერიტორიაზე არ მდებარეობს, რომელიც სადავო შეიძლება გახდეს". - თქვა ვარდანიანმა.

სომხეთის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა გაზეთ Zhoghovurd-თან საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა და თქვა, რომ შეხვედრაზე "ზოგადად განიხილებოდა, რომ საჭირო არის დემარკაცია". 

ფაშინიანი: განვიხილეთ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის დაწყების შესაძლებლობა

25 მარტს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერევანში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხი განიხილეს.

"დღეს ჩემს კოლეგასთან მქონდა საშუალება განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობა." – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.

"ვხედავთ, რომ შესაძლებელია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყების რეალიზება ამ ნაწილიდან, ბაღანისიდან ბერქაბერამდე. ჩვენი პოლიტიკა არის ომის დაუშვებლობა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების კორექტირება ამ რეგიონებში. ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკისთვის, არამედ კონკრეტულად სოფელი ვოსკეპარისთვის, სოფელი კირანცისთვის, რათა უზრუნველვყოთ ამ სოფლების უსაფრთხოება." – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს, ტავუშის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს.

კომენტარები